GEO   ENG
სიახლეები
კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტის შეფასება
24.01.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022-2026 წლების კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტს გაეცნო და დოკუმენტის დამტკიცებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს მთავრობას ორგანიზაციის შეფასებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის პროექტში სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მნიშვნელოვანი ასპექტები  სათანადოდ არ არის ასახული.

სტრატეგიის ძირითადი მიზანს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეებისგან სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა წარმოადგენს. მართალია, სტრატეგიის დოკუმენტი მრავალწლიან პერსპექტივაში დასახული მიზნების ერთობლიობაა, რომელიც ნაკლებ კონკრეტიკას მოითხოვს, თუმცა, დოკუმენტი იმდენად ზოგადია, რომ მასში არ ჩანს სახელმწიფოს ხედვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. სტრატეგიის პროექტი უგულებელყოფს და არ საუბრობს საქართველოში რადიკალიზაციის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე; კერძოდ, მასში არ არის შეფასებული რადიკალიზაციის ის რისკები, რაც ახლავს კონკრეტული უმცირესობების მარგინალიზაციას, სუსტ მმართველობას, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას და კანონის უზენაესობის ხელყოფას.

აღნიშნულის ფონზე, კონტრტერორისტული სტრატეგია უარს ამბობს შეაფასოს სახელმწიფოს როლი რადიკალიზაციის პროცესში. ამის ნაცვლად, გვთავაზობს მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო კონტექსტის ანალიზს, რომლის დიდი ნაწილიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019-2020 წლების ანგარიშებიდან არის გადმოტანილი.  

შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სურვილი, ტერორიზმთან დაკავშირებით, დაადგინოს სასამართლოში მტკიცებულებათა დასაშვებობის განსხვავებული სტანდარტი. ამ ტიპის დანაშაულთა გამოძიებისას მტკიცებულებათა მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის სტანდარტის დაწევა ცალსახად გამოიწვევს კონკრეტულ პირთა ჯგუფების მარგინალიზაციას, მათი უფლებების დარღვევას და ხელს შეუწყობს რადიკალური იდეოლოგიის გავრცელებას.

სტრატეგიის პროექტში მითითებულია, რომ შესაბამისი უწყებები, აქტიურად გააგრძელებენ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, თუმცა, რა მეთოდების გამოყენებით და რა ხერხით მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, გაურკვეველია. სტრატეგიის პროექტში ასევე გაკეთებულია დათქმა, რომ სახელმწიფოს ამოცანას არ წარმოადგენს ცალკეული პირების ან პირთა ჯგუფის ტოტალური კონტროლი, თუმცა მხოლოდ დეკლარირებული განაცხადი ვერ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციის გარანტი. ეს ჩანაწერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა ჯგუფების უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამწუხაროდ, სტრატეგიის პროექტზე დაყრდნობით მომზადებული (ან მომზადების ეტაპზე მყოფი) შესრულების სამოქმედო გეგმა კვლავ დარჩება კონფიდენციალურ დოკუმენტად, რაც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, შეუსაბამოა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ მოქმედ კანონმდებლობასთან.
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026