GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
რას მოასწავებს კრიმინალებთან ბრძოლა აფხაზეთში?
29.01.2022
2021 წლის დეკემბერში აფხაზეთში მომხდარი შიდა არეულობის და მისი განმუხტვის შემდეგ, ასლან ბჟანიას დე ფაქტო მთავრობა უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება და მოქმედებს. როგორც ჩანს, ძალის ლეგიტიმური გამოყენების და კანონის უზენაესობის პრინციპების წარმოჩენა მისთვის პრიორიტეტი ხდება. ასევე, ცხადია, რომ აფხაზეთის საზოგადოება, გარკვეულწილად, ეგუება ბჟანიას ამ პოლიტიკას. წესრიგის და სტაბილურობის მოთხოვნა იზრდება და რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა ფართო მასშტაბს პრაქტიკულად აღარ იღებს. ეს ტენდენცია ამ წლის დასაწყისშიც დადასტურდა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საბერძნეთიდან ჩამოსვენებული გარდაცვლილი გალელი კრიმინალური ავტორიტეტის ცხედრის მშობლიურ სოფელში დაკრძალვას წინააღმდეგობა გაუწია. ცხადია, ცალსახად იმის თქმა რომ ეს ინციდენტი კრიმინალებთან ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის ნაწილია, რთულია. შესაძლოა მსგავსი რამ არ მომხდარიყო, რომ არა გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის ქართული ეთნიკური კუთვნილება.

თუმცა, თვალში საცემია ის წინააღმდეგობა, რაც აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავებმა აფხაზ კრიმინალურ ავტორიტეტებს გაუწიეს. ეს მოვლენები ქართულ მედიაშიც ფართოდ გაშუქდა. 7-9 იანვარს, ზუგდიდიდან დაძრულ კოლონას, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის ცხედარს გალისკენ მიასვენებდა, ენგურის მეორე მხარეს სოხუმიდან, ოჩამჩირიდან და აფხაზეთის სხვა რაიონებიდან მობილიზებული კრიმინალური ჯგუფები და მათი მხარდამჭერები, დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანი ელოდა. როგორც ჩანს, აფხაზეთში მოქმედ კრიმინალებს, გარდა მათთვის ახლობელი ავტორიტეტისთვის პატივის მიგებისა, განზრახული ჰქონდათ ასლან ბჟანიას დე-ფაქტო მთავრობისთვის საკუთარი ძალა ეჩვენებინათ და მის უუნარობაში თავიანთი თანამემამულეებიც დაერწმუნებინათ.

მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ენგურის გამყოფ ხაზთან მობილიზებული ორი ათასიანი ჯგუფი ორჯერ დაარბია. ეს საქმე ჯერ აფხაზურმა სპეცრაზმმა შეასრულა, შემდეგ კი რუსულმა ომონმა. ამ უკანასკნელის ჩართულობა განსაკუთრებით ყურადსაღებია. პირველ რიგში, ჩნდება კითხვა, თუ რატომ გახდა საჭირო რუსული ომონის გამოყენება? იმის გამო რომ აფხაზ სამართალდამცველებს შესაბამისი გამოცდილება, ძალა ან უნარი არ აქვთ, თუ ბჟანიას მთავრობა მათ ბოლომდე არ ენდობა? აქვე ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა, ამის შემდეგ როგორ მოიქცევიან აფხაზეთში მოქმედი კრიმინალები დე-ფაქტო მთავრობასთან?

ადგილობრივების განცხადებით, ანგარიშსწორება უპრეცედენტოდ სასტიკი იყო და შედეგად ოცდაათამდე ადამიანია დაკავებული. ეს იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე კრიმინალურ დაჯგუფებებს დაუსჯელობის და თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას წინააღმდეგობის განცდა აქამდე არ ჰქონიათ.

გალელი კრიმინალური ავტორიტეტის დაკრძალვასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა აჩვენა, რომ პირველ რიგში ესაა ასლან ბჟანიას დე-ფაქტო მთავრობის მეტი თავდაჯერებულობა, რასაც ცალსახად რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების ჩართულობა უზრუნველყოფს. ამასთანავე, აფხაზეთში სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ კრიმინალური დაჯგუფებები შეავიწროონ და საჯარო ცხოვრებიდან განდევნონ. აღნიშნული პოლიტიკა აშკარად თანხვედრაშია აფხაზეთის საზოგადოების მოლოდინთან, დამყარდეს წესრიგი და სტაბილურობა და ამ მხრივ, არც დე-ფაქტო მთავრობის და რუსული ძალისმიერი ჩართულობის მიმართ იკვეთება წინააღმდეგობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, თუ რა ხდებოდა ამასობაში ენგურს გამოღმა, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გალელი კრიმინალური ავტორიტეტის დაკრძალვაზე ქართული კრიმინალური ჯგუფები და ე.წ. საძმოებიც შეიკრიბნენ. ამ შეკრებას გამოკვეთილად ახლდა ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მაჩვენებელი სიმბოლიკის, მეტყველების და ესთეტიკის დემონსტრირება, რის გაპროტესტებასაც ადგილობრივების მხრიდან ზუგდიდში რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი მოჰყვა. ცხადია, ჩნდება კითხვა, რა ხდება საქართველოში კრიმინალთან წლების წინ დაწყებული ბრძოლის პოლიტიკის თვალსაზრისით, მაშინ როცა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ახლა იმავეს იწყებს.
ცხინვალში ოპოზიციონერებზე ფიზიკური ძალადობა და რეპრესიები მატულობს

ხინვალში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, რომელშიც ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ, აჩვენებს დე ფაქტო ხელისუფლების რეპრესიულ მიდგომას.

17.01.2025
12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინ გამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.  

14.01.2025
DRC: ,,ქართული ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს კვლავ მწვავე რეპრესიული პოლიტიკით უპირისპირდება

DRC ეხმიანება 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა 20-მდე აქციის მშვიდობიანი მონაწილე დააკავა.


13.01.2025