GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
შეძლებს თუ არა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ეთნოკრატიის დაძლევას?
09.02.2022
აფხაზეთში ქართველებისთვის აფხაზეთის დე-ფაქტო პასპორტების გაცემა ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში. ქართველები რესპუბლიკის მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ და მათი გარიყვა როგორც პოლიტიკური სივრციდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან აფხაზეთის განვითარებისთვის მხოლოდ დამაზიანებელი იქნება. ამავდროულად, დე-ფაქტო პოლიტიკური სპექტრის აზრი ამ საკითხზე ერთიანი არ არის.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის ხალხის კონგრესის“ ახლად არჩეული თავმჯდომარის, დავით ფილიას ერთ-ერთ პირველ ინიციატივას გალელებისთვის აფხაზური პასპორტების მიცემის შესახებ ვნებათაღელვა მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ მის საჯარო გამოსვლაში „პასპორტიზაციაზე“ კი არა, გალის მოსახლეობის „დოკუმენტირებაზე“ იყო საუბარი. როგორც ჩანს, იმისათვის, რომ ამ საკითხს აფხაზეთის ომის ვეტერანების გაერთიანება „არუაას“ და მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის „ამცახარას“ გაღიზიანება არ გამოეწვია, „ნეიტრალური“ ტერმინები შეარჩიეს. ამის მიუხედავად, მარტო საკითხის წამოწევამაც კი ეს ორგანიზაციები უკვე გამოაცოცხლა და მწვავე რეაქციაც გამოიწვია. მათი ყველაზე დიდი შიში იმას ეფუძნება, რომ, თუკი გალელებს აფხაზეთის დე-ფაქტო პასპორტებს მისცემენ და აფხაზეთში ორმაგი ქართულ-აფხაზური მოქალაქეობის პრეცედენტს დაუშვებენ, აზრი დაეკარგება იმ მსხვერპლს, რაც მათ აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფისთვის დაღვარეს. ეს ძალები იქადნებიან, რომ იბრძოლებენ „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, თუკი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამ პოლიტიკას გაატარებს.

ამ ვითარებაში საინტერესო ისაა, რომ ქართველებისთვის დე-ფაქტო რესპუბლიკის პასპორტების გაცემაზე უშუალოდ დე-ფაქტო პრეზიდენტი და ხელისუფლება არ საუბრობენ და აფხაზურ საზოგადოებაში პოლიტიკური დებატების ინიციატორები ისინი არ არიან. სავარაუდოდ, ხელისუფლება მის მიმართ ლოიალური „აფხაზეთის ხალხის კონგრესის“ საშუალებით ცდილობს ამ საკითხის საჯარო განხილვის დაძვრას და ამ ნაბიჯით საზოგადოებრივი აზრის შემზადებას, რითაც თავიდან აიცილებს იმ ტიპის კრიზისს, რომელსაც თავის დროზე ალექსანდრე ანქვაბმა თავი ვერ გაართვა.
 
* * *
ომის დასრულებისა და ეთნიკური ქართველების ძირითადი ნაწილის გამოძევების შემდეგ, რაც გაეროს რეზოლუციებში არაერთხელ აღინიშნა, როგორც ეთნოწმენდა, აფხაზეთში ეთნოკრატიული მმართველობა დამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ აფხაზეთში ეთნიკური აფხაზები არ შეადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას, როგორც დე-ფაქტო საპარლამენტო, ისე დე-ფაქტო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში ეთნიკური აფხაზები სრული უმრავლესობით არიან  წარმოდგენილი. ეთნიკური სომხებისა და რუსების წარმომადგენლობა დისპროპორციულად, მაგრამ მაინც დაცულია. რაც შეეხება ქართველებს, რომლებიც გალის რეგიონის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას შეადგენენ, მათი არათუ წარმომადგენლობის, არამედ ფუნდამენტური უფლებების საკითხიც კი არ დგას დღის წესრიგში. ქართველები  არა მხოლოდ არ არიან წარმომადგენლობით და აღმასრულებელ დე-ფაქტო ხელისუფლებაში, არამედ მათ ხმის, თავისუფალი გადაადგილების და თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლებაც არ აქვთ. ეს ყველაფერი თავს იყრის ერთ საკითხში - მოქალაქეობაში.

გალის რეგიონის ქართული მოსახლეობის სრული უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა და ქართულ პასპორტებს ფლობს. არის გამონაკლისებიც, როდესაც ინდივიდუალურად ვინმე ახერხებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას, თუმცა ძირითადად ისინი, ვინც დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს და პერიოდულად გალში საკუთარ სახლს უბრუნდება. რუსეთის მოქალაქეობა ეკონომიკური თვალსაზრისით მეტი მობილობის გარანტიაა, თუმცა არ გულისხმობს პოლიტიკურ უფლებებს. ამის შესაძლებლობას აფხაზეთის დე-ფაქტო პასპორტი იძლევა, რომელიც ქართველებისთვის მიუწვდომელია მათ მიმართ აფხაზური პოლიტიკური სპექტრის უკიდურესად მემარჯვენე და კონსერვატიული ნაწილის შიშის გამო. აქამდე ცნობილი ყველა შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობებმა სცადეს გალის რეგიონის ქართველებისთვის აფხაზეთის დე-ფაქტო პასპორტები მიეცათ, შიდააფხაზური დაპირისპირების და პოლიტიკური კრიზისის საფუძველი გახდა. როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის, ისე მისი მემკვიდრის, ალექსანდრე ანქვაბის მიმართ წინააღმდეგობა ამ ნაციონალისტურ სენტიმენტს ეფუძნებოდა. ეს უკანასკნელი, შეიძლება ითქვას, სწორედ ქართველებისთვის პასპორტების გაცემამ ჩამოაშორა პრეზიდენტის თანამდებობას.
კორუფცია აფხაზეთში და რუსული გავლენები

აფხაზეთში კორუფცია დიდი ხანია გასცდა ცალკეული სამართალდარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროს მოიცავს. 

05.06.2026
DRI-მ გაეროში ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზე კომუნიკაცია წარადგინა

14 მაისს, DRI-იმ ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გაეროს თვითნებური დაკავებების სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაცია წარადგინა. 

04.06.2026
რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი შეთანხმება ანექსიის გაფორმებად ფასდება

9 მაისს კრემლში ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერ ალან გაგლოევს შორის გაფორმებულმა „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება.

21.05.2026