GEO   ENG
კვლევები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენა საჯარო დაწესებულებებზე
22.02.2022
22 თებერვალს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კვლევის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის მექანიზმები საჯარო და კერძო დაწესებულებებზე“ პრეზენტაცია გამართა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენის შესწავლა სახელმწიფო ორგანოებში, სსიპ-ებსა  და კერძო დაწესებულებებში, მათ შორის, სუს-ის მიერ სხვადასხვა უწყებებში ე.წ. ოდეერების დანიშვნის გზით.  

საქართველოში „ოდეერების“ ინსტიტუტი საბჭოთა კავშირის დროიდან ჩამოყალიბდა, თუმცა აღნიშნულ პრაქტიკაზე უარის თქმა დღემდე ვერ მოხერხდა. აქტიური რეზერვის ოფიცრები (ე.წ. ოდეერები) წარმოადგენდნენ „კაგებეს“ ფარულ წევრებს. მათ მოვალეობაში შედიოდა ინფორმაციის მიწოდება უშიშროების კომიტეტისთვის, რასაც იყენებდნენ არა დანაშაულის გამოსავლენად, არამედ თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებებისა და განწყობების დასადგენად.

მართალია, 2015 წელს ამ მიმართულებით ე.წ. რეფორმა ჩატარდა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. რეფორმამდე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში „უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრებს“ შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა.  მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შსს-ს გამოეყო და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების დანიშვნისა და მათზე ზედამხედველობა/კონტროლის ფუნქცია სუს-ს გადაეცა. თუმცა, რეალური რეფორმის ნაცვლად, 2015 წლის შემდეგ გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ოდეერების“ დანიშვნა მხოლოდ დააკანონა.

საჯარო დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების მივლინება,  რეალურად, მმართველი ძალის პოლიტიკურ უსაფრთხოებას ემსახურება და განსხვავებული აზრის გამოვლენისკენაა მიმართული, ეს კი შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენს. კიდევ ერთი საფრთხე, რომელსაც ამ ინსტიტუტის არსებობა ქმნის, ანგარიშვალდებულების დაბალი დონე და ზედამხედველობის მექანიზმების ნაკლებობაა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა:
  • სუს-ის მიერ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რიგ შემთხვევებში, არაუფლებამოსილ სუბიექტებთან არის გაფორმებული
  • მიუხედავად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ნებაყოფლობითი ხასიათისა, რომელიმე მხარის ინიციატივით ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტები კვლევის პერიოდში არ გამოვლენილა
  • არსებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება არ გაუფორმებია მხოლოდ პრობაციის ეროვნულ სააგენტოს
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ხელშეკრულებით ენიჭება არასაიდუმლო სამსახურებრივი მიმოწერის მონიტორინგის უფლებამოსილება, რაც განსაკუთრებით პრობლემურია აღნიშნული სამსახურის მიერ ადამიანების უკანონო და ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის დამადასტურებელი მასალების მასობრივად გავრცელების პირობებში
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუბიექტებთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას ოპერატიულ-ტექნიკურ საქმიანობას უკავშირებს, რაც კანონმდებლობასთან შეუსაბამოა
  • საკანონმდებლო ნორმის ბუნდოვანება და მისი ადრესატის მიერ ნორმის ფართო განმარტება ართულებს კანონმდებლობის გვერდის ავლით დანიშნული ე.წ ოდეერების გამოვლენას
  • 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული სულ მცირე სამი მუნიციპალიტეტის მერი წარსულში უსაფრთხოების/კონტრდაზვერვის სფეროში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024