GEO   ENG
სიახლეები
DRI: ომის პროპაგანდისთვის პასუხისმგებლობა უნდა გამკაცრდეს
07.03.2022
2020 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე, სამაუწყებლო კომპანია „ალტ ინფოს“ ეთერში განსაკუთრებით აგრესიულად ვრცელდება მკვეთრად პრორუსული და პროკრემლისტური ნარატივები. სხვა არაერთი ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოს სამაუწყებლო ეთერებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამართლება.

რუსული პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებისგან დაცვა და მისი საფრთხედ აღქმა, დასაშვებია  საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 17.2, 17.5). „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერი სახის ომის პროპაგანდას კრძალავს.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ICCPR) გამოხატვის თავისუფლებად არ მიიჩნევს ომის პროპაგანდას ან სიძულვილის ენას, რომელიც დისკრიმინაციის, მტრობის და ძალადობისკენ სწრაფვას გულისხმობს[1]. ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით კი, მაუწყებლობა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დაცვის უფლებით ვერ ისარგებლებს, თუ უფლების გამოყენება კონვენციის ღირებულებების საწინააღმდეგო მიზნებისთვის ხდება, რაც მოიცავს ძალადობის მხარდაჭერას და კონვენციის მე-17 მუხლით დადგენილ (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვას) არღვევს.[2]

2022 წლის 27 თებერვალს ევროკავშირის ევროპული კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთის სახელმწიფოს მედია საშუალებების მაუწყებლობა აიკრძალება უკრაინაში პუტინის ომის გამართლების მიუღებლობის საფუძვლით.[3] ევროკავშირის მიერ რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვის შესახებ მუშაობის დაწყებას წინ უსწრებდა ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნული საბჭოს (NEPLP) თავმჯდომარის ივარს აბოლინსის ინიციატივა რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის წლობით შეზღუდვის შესახებ[4]. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მაუწყებლობის ეროვნულმა კომისიამ რუსული არხების რეგისტრაციის მაუწყებლობიდან მოხსნის შესახებ რეზოლუცია მიიღო.[5] ესტონეთის მომხმარებელთა დაცვისა და ტექნიკური რეგულაციების უწყებამ რუსულ ენაზე მიმდინარე არხები ამორიცხა მაუწყებლობიდან.[6] დიდი ბრიტანეთის მედია მარეგულირებელმა OFCOM-მა პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მიმართვის შემდეგ რუსული პროპაგანდის მხარდამჭერი მედია საშუალების ლიცენზიის გადახედვის პროცესი დაიწყო „დამაზიანებელი დეზინფორმაციის” გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით. 

საქართველოს კანონმდებლობა ომის პროპაგანდის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირების მექანიზმს არ ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი ომის პროპაგანდას არაერთმნიშვნელოვნად კრძალავს, დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ 2010/13/EU ევროდირექტივით შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით. „აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის 1-ლი მუხლის 44, 94 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა თანახმად, თვითრეგულირების მექანიზმი ეფექტიან საშუალება უნდა წარმოადგენდეს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ომის პროპაგანდის შემთხვევაში, თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტიან საშუალებად უნდა ჩაითვალოს.

შესაბამისად, ევროპული სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
  • საქართველოს პარლამენტს - დაუყოვნებლივ დაიწყოს საკანონმდებლო მუშაობა მტრული სახელმწიფოს ომის პროპაგანდის შემთხვევაში ეფექტიანი სანქციების პაკეტის შესამუშავებლად
  • ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს - გამოავლინონ მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღონ შესაბამისი ზომები საქართველოში კრემლის პროპაგანდისტული მედიების ტრანსლაციის შესაზღუდად.
 
ალტ-ინფოზე გაჟღერებული რუსული პროპაგანდისტული ნარატივები:
 
1. „რუსეთი ერიდება მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებას დასახლებულ პუნქტებში.  შესაბამისად, რუსეთს დიდწილად უწევს შტურმითა და სამხედრო დანაკარგებით აღსავსე ოპერაციის ჩატარება. მე, მაგალითად, რუსების ადგილას უფრო აქტიურად გამოვიყენებდი. სუფთა სამხედრო თვალსაზრისით რომ შევხედოთ, შეიძლება ქალაქი დაზიანდეს, მაგრამ თუ მოწინააღმდეგე თავად შედის ქალაქში, ე.ი ისიც არ ინდობს მშვიდობიან მოსახლეობას. მიუხედავად ამისა, რუსები ერიდებიან მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში“. [7]
2. „როგორს წესი, რუსები არ შედიან ქალაქებში, მაგრამ გამონაკლისია ხარკოვი, რომლის მოსახლეობაც 2 მილიონია. მხოლოდ ეს არის გამონაკლისი და აქ რუსეთის პოლიტიკური ინტერესებია. ვინაიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ალტერნატიული ხელისუფლების ფორმირების მცდელობა თუ იქნება, რუსეთს ამ მიზნის განსახორციელებლად დასჭირდება მოსახლეობის დიდი ბაზა, რომ ალტერნატიულ ცენტრად იქცეს ქალაქი. ეს კი აქ ხარკოვში უნდა მოხდეს“. [8]
3. „სტრატეგიულად დიდ შეცდომას უშვებს უკრაინის ხელისუფლება. სარდლობა მათ არ ჰყავთ და მოქმედებენ სპონტანურად, თვითინიციატივების დონეზე. ესეც მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ რუსეთი არ იყენებს სრულ ძალისხმევას ომში. შეიძლება სასტიკად ჟღერდეს მაგრამ მე მირჩევნია ნაკლები ჯარისკაცი დამეხოცოს, ვიდრე მოწინააღმდეგეს, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს, მირჩევნია უამრავი საავიაციო ბომბები გამოვიყენო 500კგ-იანი, ვიდრე იმაზე ვიფიქრო, რომ იქ სადმე სახლი არ დაზიანდეს.[9]
4. „უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, სინამდვილეში დასავლეთის ამოცანების მიხედვით მოქმედებს. დასავლეთს ომი წაგებული აქვს და ახლა ფიქრობენ ამ წაგებული ომიდან რამე სარგებელი გამონახონ. ერთადერთი შანსი ამის არის დასავლურ პრესაში გავრცელებული ტრაგიკული კადრები. უკრაინაში მოსახლეობას იარაღს მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლის გასაზრდელად ურიგებენ. [10]
5. „ეს ომი დასრულდება რუსეთის სწრაფი და დამაჯერებელი გამარჯვებით. ბევრს გონია, რომ უკრაინა იგებს და რუსეთს ჯარი აღარ ეყოლება. ჩვენთან ისიც ჰგონიათ, რომ რუსეთს შეგვიძლია იქით შევუტიოთ. შეუძლებელია ომში, სადაც კოლოსალური უპირატესობა რუსეთს აქვს, უკრაინამ გაიმარჯვოს“[11]


 
[1] Propaganda and Freedom of the Media, Non-paper, https://www.osce.org/fom/203926?download=true (accessed 5 Oct. 2019), p. 17. 
[2] In Roj TV A/S v. Denmark (dec.), 2018
[7] გიორგი ქარდავა გადაცემაში ალტ ანალიტიკა, 27.02.2022 .
[8] ზურა მახარაძე გადაცემაში „ალტ ანალიტიკა“, 27.02.2022,
[9] გიორგი ქარდავა გადაცემაში „ალტ ანალიტიკა“, 27.02.2022
[10] ირაკლი მარტინენკო გადაცემაში „ალტ ანალიტიკა“, 27.02.2022
[11]  შოთა მარტინენკო გადაცემაში „ალტ ანალიტიკა, 27.02.2022
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024