GEO   ENG
ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (ავლევი, ატოცი, აბანო, თამარაშენი, ღოღეთი)
15.03.2022
2022 წლის თებერვალში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე, შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში იმყოფებოდნენ.
 
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ავლევი- ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. სოფელში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მონაცემებით 750 ადამიანი ცხოვრობს; ატოცი - ზღვის დონიდან 900 მეტრი, ცხოვრობს  239 მოსახლე; აბანო -  ზღვის დონიდან 720 მეტრზე მდებარეობს, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით,სოფელში 368 ადამიანი ცხოვრობდა,2014 წლის მონაცემებით კი 239 ადამიანი; თამარაშენი-ზღვის დონიდან 710 მეტრი, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში401 ადამიანი ცხოვრობს; ღოღეთი -2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით,სოფელში 179 ადამიანი ცხოვრობდა,2014 წლის მონაცემებით კი 122 ადამიანი ცხოვრობს.
 
ავლევი
 
სოფელში შესასვლელად ორი საპოლიციო საგუშაგოს გავლაა აუცილებელი. სოფლად მცხოვრებთათვის ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და სიდუხჭირეა.მედიკამენტებისთვის ქარელში და ხაშურში უწევთ ჩასვლა. სოფელს მაღალმთიანის სტატუსი არ აქვს მეზობელი სოფლის კნოლევისგან განსხვავებით. გაზის საფასურისთვის ადგილობრივებს მიმდინარე ზამთარში 200 ლარიანი ვაუჩერი დაერიცხათ მხოლოდ ერთხელ, ადრე სამი თვე ჯამში 600 ლარი.

ტყეები და სოფლის მიწები, საძოვრები ოკუპირებულ მხარეს მოხვდა, ამიტომ შეშით და საძოვრებით ვერ სარგებლობენ, თუ საქონელი მეორე მხარეს გადავიდა წაიყვანენ და მეპატრონესაც დააკავებენ რუსი სამხედროები. ადგილობრივების მოთხოვნაა ტრაქტორის გამოყოფა ან ვაუჩერული შეღავათები, რომ მიწის დამუშავება შეძლონ. სოფელი ნახევრად დაცლილია და ახალგაზრდებს იშვიათად შეხვდებით.
 
ატოცი

სოფელში ადრე 400 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 80 კომლი დარჩა.ძირითად პრობლემად ატოცში ტრანსპორტის არ ქონა დასახელდა, რადგან გზა თოვლისგან არ გაიწმინდა, სოფლის მოსახლეობა ვერ გადაადგილდება მთელი ზამთრის განმავლობაში. სოფელში სასურსათო მაღაზია არ არის, სასაქონლო მეურნეობასაც ვერ მისდევენ, რადგან საძოვრები აღარ აქვს სოფელს. მარცვლეულის დათესვაც პრობლემაა სასუქის და საწვავის მაღალი ფასის გამო. აფთიაქის და სურსათისთვის სხვა სოფელში უწევთ წასვლა.
 
 
აბანო

აბანო ესაზღვრება  ტერიტორიას, რომელსაც ამ დროისთვის რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აქ მოხვედრა მხოლოდ ქართული პოლიციის 3 საგუშაგოს გავლითაა შესაძლებელი.
უმუშევრობისა და შესაბამისი პირობების არ ქონის გამო მოსახლეობა თანდათან ტოვებს სოფელს. მოსახლეობის თქმით იკვეთება ტრანსპორტის პრობლემა. უმუშევრობის და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ითხოვენ დახმარებას.
სოფლის გზა დაზიანებული და მოხრეშილიც არ არის. სოფლის გზის გარკვეულ ნაწილზე მოლიპულ-მოყინულია. სოფელს არც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს, პრობლემურია აფთიაქი და ამბულატორია, სურსათის შესაძენად დაბა აგარაში ჩადიან. ასევე, ადგილობრივების ნაწილი, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებულია და დღემდე ყოფილი ქარხნის ბინების ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, არ აქვთ საკუთრებაში დარეგისტრირებული. სამედიცინო საჭიროებისთვის ხშირად აგარიდან მოჰყავთ საკუთარი სახსრებით ექიმი. სკოლაში სულ 60 მოსწავლეა.სკოლა 9 კლასიანია, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ 12 კლასიანი იყოს სწავლება.
 
თამარაშენი

სოფელში პრობლემად რჩება გზა და სარწყავი წყალი. გზა სანახევროდაა გაკეთებული. ექიმი და ამბულატორია არ არის სოფელში, სოფელ ფციდან დადის ექიმი პერიოდულად. თამარაშენსაც არ აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, თუმცა მეზობელ ღოღეთს აქვს. ეკონომიკური სიდუხჭირე სოფლის მთავარი პრობლემად დასახელდა.

ღოღეთი

სოფელმა 2008 წლის ომის შემდეგ  საძოვრები დაკარგა. მავთულხლართებთან ახლოს მდებარე მიწებს კი უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო ვერ ამუშავებენ. ხშირია უკანონო ბორდერიზაციისა და ადამიანის გატაცების ფაქტები.სოფელი ოკუპაციის გამო ორადაა გაყოფილი, სოფლის მოსახლეობის ნაწილი ოკუპირებულ მხარეს დარჩა. მოსახლეობას სამსახურების უქონლობის და სიდუხჭირის გამო სოფლის დატოვება უწევთ.

სოფელში სამედიცინო პუნქტი არ აქვთ და ითხოვენ სარიტუალო დარბაზის სამედიცინო მიზნებისთვის გადაკეთებას. სოფლის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ემიგრაციაშია სამუშაოდ წასული.მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ, მაგრამ შეღავათების არათანასწორ განაწილებაზე მიუთითებენ სხვა მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებისგან განსხვავებით. ომის შედეგად 7 სახლი დაიწვა და შესაბამისი კომპენსაციაც მიიღეს.
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024