GEO   ENG
ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან და დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (არცევი, ქვეში,რენე,ფლავისმანი,ქარქუშაანი, ბურღული და სკრა)
15.03.2022
2021 წლის დეკემბერში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში იმყოფებოდნენ, მათ შორის: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში,  სადაც 1423 ადგილობრივი ცხოვრობს; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში- ცხოვრობს 950 ადამიანი; ქვემო არცევში - 606 მოსახლეა. აგრეთვე, DRI-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო(ცხოვრობს 249 ადამიანი და 56,6%ეთნიკურად ოსია) და ქვემო რენეში(221 ადამიანი ცხოვრობს და 77,8%ეთნიკურად ოსია). ასევე, ვიზიტის ფარგლებში, სკრას დევნილთა ჩასახლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც შეფასდა.
 
2021 წლის ბოლოს, ორგანიზაციის წარმომადგენლები, აგრეთვე, იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე გრემისხევის თემის სოფლებში: ზემო ბურღული - სადაც 23 ადამიანი ცხოვრობს და აქედან 56,5% ეთნიკურად ოსია; ახალი ბურღული - აქ ცხოვრობს 29 ადამიანი, ხოლო 65,5% ოსია; ქარქუშაანში 55 ადამიანი ცხოვრობს და 69.1% ეთნიკური ქართველია.
 
კვლევაში გამოყენებული დემოგრაფიული და სტატისტიკური მონაცემები ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს.
 
სოფელი ზემო და ქვემო რენე
 (შიდა ქართლი)

სოფლები ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, თუმცა ადგილობრივების დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მიმდინარე პრაქტიკაა. სოფელში ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის პრობლემაა, არ აქვთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და არც რაიმე სპეციფიკური სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. სოფლის გზები მოუწესრიგებელია, მოხრეშილიც არ არის; ადგილობრივები ძირითად პრობლემად სამუშაო ადგილების არ არსებობას და სიდუხჭირეს ასახელებენ.
 
სკრას დევნილთა ჩასახლება

დევნილთა ჩასახლებაში სანიაღვრე სისტემა არის დაზიანებული, სასმელი წყალი აქვთ გრაფიკით. იღებენ დევნილთა შემწეობას თვეში 45 ლარის ოდენობით. სკოლა და ბაღი დასახლებაში არ არის, თუმცა დასახლებას ემსახურება ტრანსპორტი ბავშვებისთვის. გზა მოწესრიგებულია, თუმცა არ არის გარეგანათება. აგრეთვე, მოსაწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა. მართალია, მოსახლეობას საკუთრებაში აქვს მცირე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, თუმცა მათი განცხადებით არასაკმარისი. კოტეჯები უხარისხოდაა აშენებული და შედეგად კედლები დაზიანებულია. გაზი და ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებათ, თუმცა კომუნალურებზე შეღავათების არ არსებობა პრობლემაა ბევრისთვის. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აქვთ, ზამთარში გასათბობად შეშას საკუთარი სახსრებით ყიდულობენ. დასახლებას არ აქვს ინდივიდუალური სარწყავი სისტემა. მიმდებარე სოფლებისგან განსხვავებით სკრას დევნილთა ჩასახლების მოსახლეობის განცხადებით,სამედიცინო მომსახურებისთვის ქალაქ გორში უნდა ჩავიდნენ. სკრაში სულ 86 კოტეჯია, პრობლემად აღინიშნა, რომ 7 წლის წინ არსებობდა დარბაზი/სოფლის კლუბი სადაც მოსახლეობას ჰქონდა კომპიუტერზე და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ახლა აღარ ფუნქციონირებს.
 
ქვემო არცევი,ქვეში, ფლავი, ფლავისმანი და ზემო არცევი
 
ქვემო არცევში, ქვეშში, ფლავისმანში, ფლავში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვა სოფლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, დასახლებები ნაკლებადაა დაცლილი და ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია. თუმცა, მკაფიოდ ჩანს კონფლიქტით ხალხის გახლეჩვა და მათ მიმდებარედ დე ფაქტო ცხინვალის ტერიტორიად აღიარებული ზემო არცევში მიმოსვლის თავისუფლების დარღვევის გავლენა, ადგილობრივი მოსახლეობის რთული მდგომარეობა. სხვა მსგავს ტერიტორიებთან შედარებით სოფელში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, სახელმწიფო კონტროლიც სათანადოა და არაა გადამეტებული. სოფლებში არის სკოლა, ამბულატორია,ნაგვის ურნები, გარე განათება და სხვა საბაზისოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
 
ქარქუშაანი
(მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, გრემისხევის თემი)
 
თემის ტერიტორიაზე მდებარეობს ნარეკვავის წყალსაცავი. ქარქუშაანში სოფლის აღმნიშვნელი აბრა/წარწერაც არ გვხდება, გაუგებარია, რომელ დასახლებულ პუნქტში შედიხარ. სოფელში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. ვიზიტის დროს საკმარისი შეშა არ ჰქონდათ,ტყეშიც ვერ ჭრიან შეშას, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდა, ხოლო მთავრობის ვაუჩერით გათვალისწინებულს, როგორც ადგილობრივმა აღნიშნა გაზაფხულზე როცა უკვე საჭიროება აღარ არის, ყოველწლიურად აგვიანდება. სოფლის სასაფლაო უკვე რუსეთის მიერ ოკუპირებული კონტროლირებადი ტერიტორიაა. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. სამედიცინო პუნქტი სოფელში არ არის, სკოლა გრემისხევის თემის სოფელ პეტრიანში აქვთ, სულ 6 ოჯახი ცხოვრობს. ელექტროენერგია აქვთ გრაფიკით. გარეგანათება არ არის, მიწას ვერ ამუშავებენ რადგან ტექნიკის სოფელში ამოსვლა საფრთხის შემცველია, შესაძლოა რუსმა სამხედროებმა გაიტაცონ. ადამიანთა გატაცება რამდენჯერმე მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. მაცხოვრებლები პრობლემად ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებენ. ტრანსპორტი დადისმხოლოდ კვირაში სამჯერ. გრემისხევის თემი არ არის გაზიფიცირებული. ბავშვები ტრანსპორტით დადიან ახლომდებარე პეტრიანის სკოლაში, სოფელში სასკოლო ასაკის სულ სამი ბავშვია. დუშეთში უწევთ ჩასვლა საჭიროებებზე. თბილისის მხრიდან არანაირი სახელმწიფო კონტროლი არ არის, თავად იქ მაცხოვრებელი 6 ოჯახის წევრები არიან რეალური მესაზღვრეები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატრულირებს ყოველ სამ დღეში(EUMM)
 
ზემო ბურღული

სოფელში შიდა გზა არარის დაგებული, არც მოხრეშილი, ზოგადად მოხრეშვა და გასწორება როგორც ადგილობრივებმა თქვეს ხდება ხოლმე პერიოდულად, თუმცა ვიზიტის დროს არ იყო მოსწორებული. სოფლელი გაზიფიცირებული არ არის, ელექტროენერგია აქვთ მუდმივად. სურსათის და სხვა საჭიროებისთვის სოფელ პეტრიანში დადიან ფეხით, 3 კილომეტრის დაშორებით. ზამთარში სოფელში მხოლოდ 1 ოჯახი ცხოვრობს, გადაადგილება ფეხით უწევთ, სოფელს აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, თუმცა სიდუხჭირის და უსაფრთხოების არარსებობის გამო პრაქტიკულად დაცლილია, ტრანსპორტი კვირაში ერთხელ დადის. პოლიცია საერთოდ არ პატრულირებს სოფელში,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებს ხედავენ ადგილობრივები. ზემო ბურღულის სასაფლაოც ოკუპირებულ მხარესაა მოქცეული და ადგილობრივებს წინაპრების საფლავზე მისვლა არ შეუძლიათ.
 
ახალი ბურღული

სოფელ ახალ ბურღულში სულ 10 ოჯახი ცხოვრობს. გზა მოხრეშილია და გაზი ახლახან შეიყვანეს, სხვადასხვა საჭიროებებისთვის გრემისხევში ფეხით დადიან, იქეთ-აქეთ 2 საათის გზა არის. სასწრაფოს ამოსასვლელად ნახევარი საათი სჭირდება, რაც ადგილობრივებისთვის პრობლემურია. ადგილობრივებს დასაქმების პრობლემა აქვთ, მხოლოდ შინამეურნეობა და სოციალური დახმარებაა შემოსავალის წყარო. სოფელი დაცლის პირასაა.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სპეციალური სტატუსის შემუშავება, მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად და ზემო არცევის მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლების საკითხზე მუშაობის გააქტიურება.
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024