GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
DRI: რას მოასწავებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის რუსული კანონმდებლობით რეგულირება აფხაზეთში?
17.03.2022
აფხაზეთის პოლიტიკაში ცვლილებების მომასწავებელი პირველ რიგში დე-ფაქტო მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოსკოვში, პუტინის კარზე გამოცდილება-მიღებული საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას დანიშვნა იყო. რუსეთთან ამა თუ იმ სახის კავშირი აფხაზურ ე.წ. მთავრობაში დაწინაურებისთვის თუ პოზიციის მოპოვებისთვის ყოველთვის სასარგებლო იყო - ეს ნიშნავდა საჭირო კავშირების ქონას. არძინბას შემთხვევაში, რომელსაც ზოგიერთი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობასაც უქადდა ბოლო მოვლენებამდე, საქმე უბრალოდ კავშირების ქონაში არაა, რამდენადაც რუსულ ბიუროკრატიულ გარემოში სოციალიზაციაში. შეიძლება ითქვას, რომ კარიერული და პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, მას რუსულ პოლიტიკურ და ბიუროკრატიულ წრეებთან უფრო მეტი აკავშირებს, ვიდრე აფხაზურთან. ამიტომ 2021 წლის ბოლოს არძინბას „გალაშქრება“ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ საქმიანობას აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან თითქოს არ ათანხმებენ, სწორად იქნა შეფასებული, როგორც კრემლის ხმა თავის „პროტეჟე“ რესპუბლიკაში. თუმცა ჯერ კიდევ მაშინ მაინც ნაკლებად სარწმუნოდ აღიქმებოდა იმის შესაძლებლობა, რომ აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე „უცხოეთის აგენტობის“ რუსული კანონმდებლობა შეიძლებოდა გავრცელებულიყო.
 
ახლა, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ როგორც ჩანს, უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა საკანონმდებლო სახე მისცეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდველ რუსულ სარეგულაციო ჩარჩოს, რომელსაც „უცხოეთის აგენტების“ სახელით ვიცნობთ, გასაგები ხდება ის რისკები, რაც მსგავს შემთხვევაში წამოიჭრება აფხაზეთისთვის, განსაკუთრებით რუსეთზე მისი დამოკიდებულების ზრდის თვალსაზრისით. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისთვის, უპირველეს ყოვლისა, მსგავსი გადაწყვეტილების აუცილებლობაში საკუთარი საზოგადოების დარწმუნებაა საჭირო. ამ მხრივ, თვალში საცემია ისევ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის აქტიურობა, რომელიც ქართულ მხარესთან დიალოგში ჩაბმულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უტევს და ამტკიცებს, რომ ქართველებთან აფხაზების პირდაპირი კონტაქტი აზიანებს აფხაზეთის ინტერესებს; ამის გამო კი, საერთაშორისო ორგანიზაციების ქოლგის ქვეშ გამართული მსგავსი შეხვედრები ან ერთობლივი პროექტები დაუშვებელია. როგორი შეიძლება იყოს სხვა ფორმატი, რომელშიც ქართული და აფხაზური მხარის სამოქალაქო დიალოგი შეიძლება მისაღები იყოს დე-ფაქტო მთავრობისთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არ ზუსტდება. სავარაუდოდ, მისაღებ ფორმატში რუსული მხარის მონაწილეობით, ხელმძღვანელობით ან მისი ინიციატივით განხორციელებული პროექტები იგულისხმება.
 
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ფედერაციის კარნახით აფხაზეთის ამჟამინდელი დე-ფაქტო მთავრობის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ამოცანა არაა უბრალოდ ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის გადაფორმატება ან აღკვეთა. აქ უფრო შორს მიმავალ მიზნებს შეიძლება ვხედავდეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი სუსტი ძაფის გადაჭრა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი ქმნის. თავის მხრივ, ეს ორ შედეგს მოიცავს. პირველი, გაძლიერდეს აფხაზეთის იზოლაცია და მისი ინტელექტუალური ადამიანური რესურსების დამოკიდებულება რუსეთზე. შესაბამისად, კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესი სრულად იყოს კონტროლირებული რუსეთის მხრიდან, დამოუკიდებელი აქტორების მიერ შექმნილი დინამიკის მინიმიზაციის ან აღკვეთის გზით. მეორე და სავარაუდოდ, რუსეთის მთავარი ამოცანაა, აფხაზეთი დაიხუროს იმ სუსტი დასავლური გავლენისთვის, რასაც დემოკრატიის, გამჭვირვალობის და კანონის უზენაესობის პრინციპების მხარდაჭერით ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ატარებენ.
 
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ეს ნაბიჯები აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის რეგიონის რუსეთში ინტეგრირებისთვის  ამ პროცესისთვის წინააღმდეგობის გამწევი პოტენციური აქტორების განეიტრალების თვალსაზრისით.
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026