GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
DRI-ის თვალსაზრისი: რუსული „რბილი ძალა“ და მეხსიერებით მანიპულაციები გალის რეგიონში
25.03.2022
იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მასთან თანხმობის გარეშე განხორციელებული საქმიანობის შეჩერებით ემუქრება აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რუსეთის ფედერაციის აფხაზეთში უკანონოდ მოქმედი წარმომადგენლობა საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიმართულებებით აქტიურობს. მათი საქმიანობა გალის რეგიონსაც ეხება.
 
გალის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ძალისხმევით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის განათლების პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. თუმცა, როგორც ბოლო დროინდელი მოვლენებიდან ჩანს, რუსეთის ფედერაციის უკანონო წარმომადგენლობა აფხაზეთში, შეიძლება დარჩეს ერთადერთ „საერთაშორისო“ ძალად, რომელიც გალში ჰუმანიტარული მისიით იმოქმედებს და ასე შენიღბავს აფხაზეთის ანექსიაზე მიმართულ რუსულ სტრატეგიას.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, თებერვალში გალს რუსეთის ფედერაციის უკანონო წარმომადგენლობის თანამშრომელი სტუმრობდა, რომელმაც ადგილობრივი სკოლებისთვის საჩუქრად წიგნები ჩაიტანა. ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მას აღუნიშნავს: „რუსეთი აფხაზეთში არც ქართველებს ივიწყებს, მართალია, ცდილობენ ისტორიული მეხსიერება წაშალონ, მაგრამ ჩვენ ხომ სულ ცოტა ხნის უკან,  ერთი ქვეყანა გვქონდა და ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით... და რა თქმა უნდა გალის რაიონიც მოხვდა ჩვენი საელჩოს პროგრამაში.“
 
მსგავსი საჩუქარი გალის რეგიონში მეორედ ჩადის. აქ ყურადსაღები ისაა, რომ რუსეთის უკანონო წარმომადგენლობა გალის რეგიონის ქართულ მოსახლეობას მიმართავს სწორედ როგორც ქართველებს. ამ სიტყვების პოლიტიკურ ქვეტექსტში გალელი ქართველების მიმართ პროტექციის დაპირება იკითხება. მსგავსი შეფარული მესიჯი შესაძლოა იმ კონტექსტზეა დაფუძნებული, რომ აფხაზები ქართველებისთვის მტრები არიან, შერიგება არ და ვერ მოხდება, და ამიტომ რუსეთი ერთადერთია, ვინც მშვიდობას და განვითარებას მოუტანს გალის რეგიონს. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში ეთნოსებს შორის შეპირისპირების და პოლარიზაციის პარადიგმით უყურებს თავის გამაერთიანებელ და დამცველ როლს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური მესიჯი და ქვეტექსტი აფხაზებზეცაა მიმართული. ეს პოლიტიკური პერფორმანსი, აფხაზებსაც აძლევს იმის განცდას, რომ ქართველები მათთვის უცხოები და მტრები არიან, და მშვიდობა მათთვისაც აფხაზეთში რუსულ წარმომადგენლობაზე გადის.
 
თუკი, აფხაზეთის მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლება აცნობიერებს იმ რისკებს, რასაც რუსეთი ასეთი თამაშით ქმნის, მას აუცილებლად მოუწევს გალის რეგიონის მიმართ თავისი მიდგომების გადახედვა. ეს კი მოითხოვს სამოქმედო სივრცის გახსნას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის, რათა „გულების მოგების“ პოლიტიკა ექსკლუზიურად რუსული არ იყოს, და ამით გალის რეგიონის მცხოვრებლების ნდობაც მოიპოვოს. უფრო ფართო კონტექსტში, ეს „გადახედვა“ გალის რეგიონის ე.წ. პასპორტიზაციის და უფლებრივი დისკრიმინაციის მოხსნის საკითხსაც უნდა შეეხოს.
DRI პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას აფასებს
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 2019-დან 2022 წლის ჩათვლით, არც ერთხელ არ დაუბარებიათ. თუმცა, 2023 წელს, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 
28.09.2023
DRI: 2 ივნისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პოლიციელთა თვითნებობის წახალისებას და უხეშად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება,რითაც მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო სამოქალაქო აქტივისტები ბანერების შინაარსის გამო, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.
28.09.2023
ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის აპრილი-აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული/ანტიფემინისტური შინაარსის 210 შემთხვევა გააანალიზა.
26.09.2023