GEO   ENG
ანგარიშები
DRI: 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორები დაუსჯელები რჩებიან
06.04.2022
2022 წლის 4 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის მოვლენებზე მიმდინარე ხუთი საქმიდან სამ საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებული. უშანგი დათუნაშვილის გარდა, ყველა მათგანს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდზე ექვსი პირი დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობაში, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, 5 ივლისის წინასწარ ორგანიზებული, სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლის შეფასებით, სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივ ბრალეულობაზე არაერთი მტკიცებულება მიუთითებდა.
 
ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდი

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის 5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მძიმე ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი გახდა. ლექსო ლაშქარავას თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის საქმის განხილვაში მსჯავრდებულია 6 პირი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილმა აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი დამნაშავეებად ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობაში, ასევე, დევნასა (ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც ჩადენილი იყო ძალადობის მუქარით. ბრალდების მხარის მიერ საბრალდებო დასკვნაში გათვალისწინებული სიძულვილის მოტივი განაჩენის გამოცხადებისას არ გაჟღერებულა.
 
რაც შეეხება ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში ჯანმრთელობის დაზიანებაზე წარდგენილ ბრალს, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ამისთვის მათ სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ცოტნე ჩიხლაძის თავდაპირველი ბრალი - დამამძიმებელ გარემოებებში (მსხვერპლის სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჯგუფურად) ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაკვალიფიცირდა ძალადობად. თავდაპირველად წარდგენილი ბრალის დადგენის შემთხვევაში ცოტნე ჩიხლაძის მიმართ სასჯელი განისაზღვრებოდა 7-დან 10 წლამდე.
 
ილია თვალიაშვილის, ვახო ქარელის, ზურაბ ცერცვაძის და თამარ თათარაშვილის ეპიზოდი (ე.წ. მოპედის ეპიზოდი)

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა ზაზა ჭაავა, მურად დევლარიშვილი, გენო გერმანიშვილი, გიორგი ხეჩუაშვილი, თედო ბურდული, გიორგი წარუაშვილი და გიორგი მაღრაძე დამნაშავეებად ცნო ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის შესახებ გადააკვალიფიცირა ძალადობის მუხლზე, რისთვისაც მაქსიმალურ სასჯელად  2 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

სასამართლომ ბრალდებულები ასევე დამნაშავედ ცნო დევნასა (ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში (ჩადენილი ძალადობის მუქარით). ბრალდების მხარის მიერ საბრალდებო დასკვნაში გათვალისწინებული სიძულვილის მოტივი განაჩენის გამოცხადებისას არ გაჟღერებულა.

ზაზა ჭაავამ მისივე მოპედით დაზიანება მიაყენა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, თამარ თათარაშვილს, ასევე სცადა, მოპედით დასჯახებოდა იქ მყოფ სხვა ჟურნალისტებსაც. ბრალდებული არაერთმა მოწმემ ამოიცნო. გენო გერმანიშვილმა, გიორგი ხეჩუაშვილთან და თედო ბურდულთან ერთად ჯგუფურად იძალადა „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვახო ქარელზე. მათ ზევით მითითებულ მუხლებთან ერთად დაუდგინდათ  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. სამივეს - გერმანიშვილს, ხეჩუაშვილსა და ბურდულს - სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

მურად დევლარიშვილს, რომელმაც „ნიუსპოსტის“ ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძეზე იძალადა, სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცოტნე ჩიხლაძე, გიორგი წარუაშვილი და გიორგი მაღრაძე თავს დაესხნენ „პირველი არხის“ ოპერატორს, ილია თვალიაშვილს. სამწუხაროდ, ბრალდების მხარეს ილია თვალიაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის არ წარუდგენია, რამაც მძიმე დანაშაულის უფრო მსუბუქ დანაშაულად გადაკვალიფიცირება გამოიწვია. ბრალდებულებს სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით.
 
რატი წვერავას, თორნიკე მანდარიას, დეა მამისეიშვილის, დათუნა ახალაძის, დავით ქორიძის და სხვ. დაზარალებულების ეპიზოდები

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რომეო კეკუტია, გიორგი კახიანი, გიორგი ნასყიდაშვილი, ილია ქებაძე, თემურ ხარაული და უშანგი დათუნაშვილი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის შესახებ ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სასამართლომ ბრალდებულები ასევე დამნაშავედ ცნო დევნასა (ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში (ჩადენილი ძალადობის მუქარით). ბრალდების მხარის მიერ საბრალდებო დასკვნაში გათვალისწინებული სიძულვილის მოტივი განაჩენის გამოცხადებისას არ გაჟღერებულა.

რომეო კეკუტიას ეპიზოდი მოიცავს „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას. რომეო კეკუტიას გარდა, წვერავაზე დაახლოებით 30-მდე პირმა იძალადა, თუმცა წვერავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე მსჯავრი მხოლოდ რომეო კეკუტიას დაედო.      
      
გიორგი კახიანმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს, თორნიკე მანდარიასა და დავით ქორიძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.  გიორგი ნასყიდაშვილის ეპიზოდი მოიცავს „იმედის“ ჟურნალისტის, დიტო ყირიმლიშვილისა და ოპერატორის, შოთა მკერვალიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. გიორგი ნასყიდაშვილი სასამართლო სხდომებზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

ილია ქებაძის ეპიზოდი მოიცავს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, დათუნა ახალაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. დათუნა ახალაძისა და დეა მამისეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ასევე მონაწილეობდა თემურ ხარაული. უშანგი დათუნაშვილი იყო საქმეში ერთადერთი ბრალდებული, რომელიც მიმართ საქმის განხილვის ეტაპზე, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეიცვალა. მას სასამართლომ სასჯელის სახით 5 000 ლარი განუსაზღვრა. დათუნაშვილის ეპიზოდი „რუსთავი 2“-ის ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილზე ძალადობას მოიცავს. ზაზა მჭედლიძემ „ტაბულას“ ჟურნალისტ მაკა ჯაბუასა და „იმედის“ ოპერატორ შოთა კერვალიშვილის მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები, უკვე 9 თვეა, დაკავებულები არიან, მათ საპატიმროში 6 თვის გატარება მოუწევთ. ორ მსჯავრდებულს, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვის ვადით.

5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვა კიდევ ორ საქმეზე გრძელდება.
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024