ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტმა 6 მაისს საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული მე-13
გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „ცალსახა
მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის
მიმართ. დოკუმენტში, მისი წინამორბედების მსგავსად, მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის ქმედებები საქართველოს
ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე არის მოსკოვისადმი მოუწოდება
შეწყვიტოს ბორდერიზაცია.
2008 წლის აგვისტოს
ომიდან 17 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კომიტეტის შეფასებით, რუსეთი კვლავ „აფერხებს კონფლიქტის
მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს.“ დოკუმენტში აღნიშნულია რუსეთის „უკანონო სამხედრო
ყოფნა,“ „გაძლიერებული სამხედრო წვრთნები და ინფრასტრუქტურის გამაგრება,“ ჩორჩანა/წნელისის
მიმდებარედ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟი, ამასთან ხაზგასმით არის დაგმობილი
ყველა ის ნაბიჯი რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ.“
მინისტრთა კომიტეტის
გადაწყვეტილებაში ჩორჩანა/წნელისის საკითხის ცალკე ხაზგასმა განსაკუთრებით საყურადღებოა
იმ ფონზე, როდესაც საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი
გახარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 2019 წელს ჩორჩანასთან ქართული
პოლიციის საგუშაგოს მოწყობას, რასაც მაშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ცხინვალის
დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტი საკუთარ გადაწყვეტილებაში სწორედ რუსეთის მიერ ჩორჩანა/წნელისის
ტერიტორიაზე ღობეების აღმართვასა და საოკუპაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას აფასებს
პრობლემურად და არა საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მიღებას.
კომიტეტმა ასევე
ყურადღება გაამახვილა რუსეთის 2025 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული
წესით გახდა შესაძლებელი. დოკუმენტი განმარტავს, რომ საქართველოს რეგიონების სტატუსის
შეცვლისკენ მიმართული ყველა მსგავსი ქმედება „არ ფლობს სამართლებრივ ძალას და კიდევ
უფრო ამწვავებს ადგილზე ვითარებას.“
დოკუენტში განსაკუთრებით
საგულისხმოა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებისა და ნდობის აღდგენის
მცდელობებისთვის ხელის შემშლელი საქმიანობა. კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს
„უკანონო პროცესი“ და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის — ძალების გაყვანა
აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და უზრუნველყოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების
მექანიზმების დაშვება.
დოკუმენტი მიესალმება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებას, რომლებმაც დაადგინეს
რუსეთის პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ
სახელმწიფოზე. მათ შორის დასახელებულია ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების
მკვლელობა, წამება, არასათანადო მოპყრობა, თვითნებური დაკავება, ქართველი ოჯახების
შევიწროება, ეთნიკური ნიშნით ქართველების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და დევნილებისა
და ლტოლვილებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევა.
დოკუმენტში ასევე
საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ შეზღუდვაზე
და აღნიშნულია, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მსგავსი ქმედებებით
კიდევ უფრო გაუარესდა.
კომიტეტმა შეშფოთება
გამოხატა ეთნიკური ქართველების — დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის,
თამაზ გინტურის, ვიტალი (თემურ) კარბაიასა და ირაკლი კვარაცხელიას — მკვლელობის საქმეებში
დაუსჯელობის გამო.
განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციას, განსაკუთრებით გალისა
და ახალგორის რაიონებში. დოკუმენტში აღნიშნულია გადაადგილების თავისუფლების, საცხოვრებლის,
შრომისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად იძულებითი რეგისტრაცია,
გვარებისა და ეთნიკური იდენტობის შეცვლის მოთხოვნები, ქართულ ენაზე განათლების მიღების
შეზღუდვა და რელიგიურ ობიექტებზე, სასაფლაოებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის
დაბრკოლება.
კომიტეტმა ასევე
შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც
მემკვიდრეობის უფლებას უზღუდავს იმ პირებს, ვინც 1992-1993 წლების ომში აფხაზეთის თვითგამოცხადებული
დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდა. ცალკე არის ხაზგასმული ცხინვალის რეგიონში ქართველი
დევნილების სახლების დანგრევის ფაქტები.
დოკუმენტში საუბარია
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე „ქართული კვალის წაშლისა და ცვლილებების“
შესახებ, ასევე დევნილებისა და ლტოლვილებისთვის უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული
დაბრუნების უფლების გაგრძელებულ შეზღუდვაზე და საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივი მოსახლეობის
თვითნებურ დაკავებებზე.
მინისტრთა კომიტეტმა
განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების: ქრისტინე ტაკალანძის, გიორგი
მოსიაშვილისა და ირაკლი ბებუას, უკანონო დაკავების ფატები. აქვე აღნიშნულია რომ რიგ
შემთხვევებში, მათ შორის გენადი ბესტაევის საქმეში, დაკავება სიკვდილით დასრულდა.
კომიტეტმა კიდევ
ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების მიმართ და ხაზი
გაუსვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების
დაუყოვნებლივ და უპირობოდ განახლების აუცილებლობა. აღნიშნული ფორმატი 2018 წლიდან შეჩერებულია.
სხვა რეკომენდაციებთან
ერთად, კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა:
დასასრულს, მინისტრთა
კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა, დაუშვას ევროპის საბჭოს ორგანოების დაუყოვნებელი და შეუზღუდავი
წვდომა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
და ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან.
„ქართული ოცნება“ სოციალური სივრცის ტოტალურ კონტროლს იწყებს.
აფხაზეთის პოლიტიკურ
სივრცეში აქტიურად განიხილება ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას დაბრუნება და მისი
ბოლო პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.
The case of
former de facto deputies of South Ossetia’s de facto parliament, David Sanakoyev,
Garry Muldarov and Dzambolat Medoyev, who are appealing the decision to revoke
their citizenship of the Russian Federation, remains unresolved to date.