News
კან კვარჩიას განაჩენი და ოპოზიციის მასობრივი დევნის ახალი ტალღა
15.06.2026

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული. რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ერთობლივი ძალისხმევა ადგილობრივი ანტირუსული და ანტისამთავრობო განწყობების ჩასახშობად, შერჩევითი სამართლიდან მასობრივ რეპრესიებში გადაიზარდა. ამ პროცესის დადასტურებაა 4 ივნისს სოჭის საქალაქო სასამართლოს მიერ  აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსის კან კვარჩიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება. მას დაუსწრებლად 10.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კან კვარჩიას ბრალი შეიარაღებული ძარცვის საქმეზე წაუყენეს, თუმცა ადგილობრივი ექსპერტებისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად და მოახლოებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში არასასურველი კანდიდატების განეიტრალების მცდელობად მიიჩნევენ.

საქმის საფუძველი 2025 წლის 5 ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება. აფხაზეთში მუნიციპალური არჩევნების წინა დღეს ოპოზიციონერი აქტივისტების ჯგუფმა კან კვარჩიას ხელმძღვანელობით, სამი რუსი საქმიანობა შეაჩერა. ოპოზიცია ამ ადამიანებს კრემლიდან მოვლენილი კონსულტანტებად მიიჩნევდა და ამტკიცებდნენ, რომ პროსამთავრობო კანდიდატების სასარგებლოდ უკანონოდ მუშაობდნენ. აქტივისტებმა რუსი პოლიტტექნოლოგები გამოძიებისთვის აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.

სოხუმში საქმე არ გამოუძიებია, რუსი სპეციალისტები მოსკოვში მალევე დაბრუნდნენ, ამ გარემოებების მიუხედავად, კრემლმა ეს ფაქტი პირად გამოწვევად მიიღო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რუსი სპეციალისტების საჩივრის საფუძველზე, კვარჩიასა და კიდევ შვიდი აქტივისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით აღძრა. მალევე, ანალოგიური საქმე აღძრა აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამაც. საქმის სხვა ფიგურანტებს შინაპატიმრობა შეუფარდეს, თუმცა კვარჩიას პატიმრობა ადგილობრივი დეპუტატის იმუნიტეტმა ააცილა, რომლის მოხსნაზეც ე.წ. პარლამენტმა მოსკოვს უარი უთხრა. სოჭის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტით მოსკოვმა მკაფიოდ აჩვენა, რომ აფხაზურ „სუვერენიტეტსა“ და დეპუტატის იმუნიტეტს მათთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს.

კან კვარჩიას საქმე არ წარმოადგენს გამონაკლისს აფხაზურ პოლიტკურ სპექტრში. ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმმა კრემლის დავალებით რეპრესიული მანქანა სრულად აამუშავა, რაც ოპოზიციის ლიდერების მასობრივ დაკავებებში გამოიხატა.

რუსეთის საზღვრის (მდინარე ფსოუს) გადაკვეთისას აკავებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კრემლის ეკონომიკურ ექსპანსიასა და ე.წ. „აპარტამენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან. ამ მეთოდით სულ ახლახან სოჭში დააკავეს ოპოზიციური „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბაც. ასევე დააკავეს ე.წ. "ინვესტიციების შეთანხმების" პროტესტში მონაწილე წამყვანი ოპოზიციონერები: ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა, გარი კოკაია და ალმასხან არძინბა. ამ ფაქტს რეგიონში სამოქალაქო მღელვარება მოჰყვა, მოსახლეობამ სრულად ჩაკეტა სოხუმისკენ მიმავალი სტრატეგიული ხიდები, რის გამოც დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა დაკავებულები დროებით გაეთავისუფლებინა.

კრემლის მოტივი ნათელია, მას სურს საარჩევნო ველიდან სრულად გააქროს ისეთი ფიგურები, რომლებსაც ხალხის ქუჩაში გამოყვანა და რუსული ბიზნესისთვის მიწებისა თუ აქტივების უპირობო გადაცემის ბლოკირება შეუძლიათ.