News
ოკუპირებული აფხაზეთი საარჩევნო პროცესში უცხოელთა ჩარევისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს
30.07.2026

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას. ახალი კანონპროექტის თანახმად,  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუწესდება ყველა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საარჩევნო კამპანიებსა და პროცესებში პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართვას გადაწყვეტს.

ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

  • პირდაპირი პასუხისმგებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობისთვის;
  • სასჯელი ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ან აბრკოლებს არჩევნების ჩატარებას;
  • საარჩევნო კამპანიებში უცხოური ძალების ან პირების მხრიდან ნებისმიერი ფორმის ჩარევისა და მატერიალური უზრუნველყოფის აკრძალვა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ უკავშირდება ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პოლიტიკურ სკანდალს, სადაც „აფხაზეთის გუნდის“ საარჩევნო კამპანიაში რუსი პოლიტტექნოლოგები და მედია კონსულტანტები იყვნენ ჩართულნი. რუსეთიდან ჩამოსული სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების მომზადებაში, გაზეთების გამოშვებასა და კოორდინაციაში. ამას მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების რეაქცია, რომელსაც კან კვარჩია ხელმძღვანელობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები რუსი კონსულტანტების ოფისში მივიდნენ, დააკავეს და  დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.

ამ პოლიტიკურ დაპირისპირებას რუსეთისა და აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საპასუხოდ კრემლმა ყაჩაღობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა კვარჩიას წინააღმდეგ, ხოლო მოგვიანებით რუსულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადგილობრივი ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ამ ქმედებებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების დაცვით ხსნიდა, შესაბამისად, კრემლის ამ გადაწყვეტილებას ზეწოლად აფასებდა.

არსებული კანონი მიზნად ისახავს მსგავსი ინციდენტების პრევენციას და მომავალში საარჩევნო პროცესების სრულ იზოლაციას, გარე ჩარევებისა და უცხოელი კონსულტანტების გავლენებისგან. ამ რეგულაციით ოკუპირებული აფხაზეთი ცდილობს შეინარჩუნოს „ფორმალური“ დამოუკიდებლობა და დროებით გადაავადოს კრემლის ანექსიური პოლიტიკა.

DRI: მშვიდობიანი გამოხატვის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებაა

მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა ძალის გამოყენებითა და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაკავება წარმოადგენს ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებას. 

26.07.2026
რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკონომიკურ ანექსიის პროცესი შეუქცევადი ხდება

რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთის მთავრობებს შორის 2030 წლამდე მოქმედი შეთანხმება წლის დასაწყისში გაფორმდა. 

20.07.2026