DRI: „კონსერვატიულო მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოსავალი, შესაძლოა, ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურ წყაროებში ჩანს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს ულტრამემარჯვენე ძალადობრივი დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსებსა და შემომწირველებზე დაკვირვებას. 2023 წლის აგვისტოში რადიკალურმა მოძრაობამ მხოლოდ ერთი შემოწირულება მიიღო.
რატომ შემცირდა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოწირულებები?
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოსთვის“ 2022 წლიდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ოფიციალურად შეწირული დეკლარირებული თანხა
590.931 ლარია. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ოფიციალური შემოწირულებები მკვეთრადაა შემცირებული. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც
წერდა. თუ 2022 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, ძალადობრივი ორგანიზაციისთვის
შეწირული თანხის რაოდენობა 367.901 ლარი იყო, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, შემოწირულება მხოლოდ 29.967 ლარია.
2023 წლის აგვისტოში „კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ“ მხოლოდ ერთი შემოწირულება მიიღო. 2022 წლის აგვისტოს მონაცემებს თუ შევადარებთ, ამ პერიოდში განხორციელდა 17 შემოწირულება და შეწირული თანხის რაოდენობა 23.380 ლარი იყო.
2022 და 2023 წლების განმავლობაში შეწირული თანხის რაოდენობა თვეების მიხედვით:
თვეები
|
2022 წელს შეწირული თანხა
|
2023 წელს შეწირული თანხა
|
იანვარი
|
--
|
12.640
|
თებერვალი
|
47.775
|
7.834
|
მარტი
|
56.360
|
1.250
|
აპრილი
|
61.633
|
2.960
|
მაისი
|
50.476
|
2.090
|
ივნისი
|
65.840
|
1.500
|
ივლისი
|
62.437
|
1.143
|
აგვისტო
|
23.380
|
550
|
სექტემბერი
|
34.965
|
|
ოქტომბერი
|
66.480
|
|
ნოემბერი
|
40.083
|
|
დეკემბერი
|
51.535
|
|
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დაინტერესდა, რამ გამოიწვია შეწირული თანხის ასეთი მკვეთრი ცვლილება და ამ კითხვით რადიკალური ჯგუფის ლიდერს კონსტანტინე მორგოშიას მიმართა. როგორც მორგოშია ამბობს, მათი შემომწირველები რეპრესიის მსხვერპლნი არიან ბანკების მხრიდან. პარტიის მთავარ დამფინანსებლად კი კვლავ ის რჩება.
„ჩვენ მხარდამჭერებს ბანკებმა შეუქმნეს პრობლემები კრედიტებსა და ოვერდრაფტებზე. ამბობენ, რომ იმ ხალხს, რომელიც „კონსერვატიულ მოძრაობას/ალტ-ინფოს“ ფინანსურად ეხმარება, არ უნდა მოემსახურონ. რეპრესიები, მეტი კი არაფერი.“
ვინ არიან „კონსერვატიული მოძრაობა“/ალტ-ინფოს“ მსხვილი შემომწირველები?
რადიკალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ კახაბერ ელიზბარაშვილი და მერაბ გიგანი ფლობენ. ელიზბარაშვილი
შპს „დაბოს“ 50%-იანი წლის მფლობელია. ხოლო მერაბ გიგანის სახელზე ორი კომპანიაა რეგისტრირებული,
შპს „ტექნომეტალს“ და
შპს „გიგან-007“. გიგანი ასევე არის ძალადობრივი დაჯგუფების რუსთავის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.
გარდა იმისა, რომ
კახაბერ ელიზბარაშვილი, ზურაბ კობახიძე და
მერაბ გიგანი ყველაზე აქტიური შემომწირველები არიან, ისინი ასევე არიან „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“
წევრები და აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკური დაჯგუფების საქმიანობაში.
2022 წლიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით, პოლიტიკურ დაჯგუფებას 102 შემომწირველი ჰყავს. აქედან 101 ფიზიკური პირია, ხოლო ერთი - იურიდიული. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა შეისწავლა თითოეული შემომწირველის მონაცემები და მათგან მხოლოდ 33 ფლობს უძრავ ქონებას. 30 შემომწირველი კი რეგიონული ოფისების ხელმძღვანელია.
რამდენი რეგიონულ ოფისს ფლობს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“?
„კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ“ რეგიონული ოფისების გახსნა 2022 წლის იანვარში დაიწყო. მცირე დროში
საქართველოს მასშტაბით მათ 64 რეგიონული ოფისი გახსნეს. თუმცა 2022 წლის აგვისტოში გავრცელდა
ინფორმაცია[1], რომ 10-მდე რეგიონული ოფისი დაიხურა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დაინტერესდა, დღეის მდგომარეობით, რამდენი რეგიონული ოფისი ფუნქციონირებს. როგორც კონსტანტინე მორგოშია ამბობს, დაახლოებით 5 ოფისია დახურული და რამდენიმემ უბრალოდ ლოკაცია შეიცვალა. მორგოშიას სიტყვებს თუ დავეყრდნობით, რეგიონული ოფისების რიცხვი დაახლოებით 59-ია.
DRI ასევე დაინტერესდა, რამდენად აქტიურად ფუნქციონირებს ეს ოფისები. პარტიის ლიდერებისა და შემომწირველების სოციალური ქსელების შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ
2023 წლის 17 თებერვალს შეხვედრა გორის რეგიონულ ოფისში ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი გელა მეგრელიშვილია. მეგრელიშვილის სახელი და გვარი „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემომწირველებს შორის არ ფიგურირებს.
სხვა რეგიონული ოფისების აქტიურობა პოლიტიკური დაჯგუფების სოციალური ქსელების მისამართებზე არ ჩანს.
ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ფინანსები
„კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ პარალელურად, DRI-მ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ფინანსებიც შეისწავლა. კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური ვებგვერდის
მიხედვით,
ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი მისი მფლობელი ციალა მორგოშიაა. ის კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა, რომლის სახელზეც მორგოშიას შვიდი კომპანიაა აქვს გაფორმებული, მათ შორის,
შპს „ალტ-ინფოც“. თუმცა, ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშიაა და ეს ფაქტი მან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან საუბარშიც დაადასტურა.
ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ შემოსავალი:
2022 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ დაფინანსება 984.887 ლარი იყო. ერთი წლის განმავლობაში მაუწყებლობისთვის გაწეული მომსახურებისთვის 776.971 ლარი დაიხარჯა. მომსახურების ხარჯების გამოკლებით, ტელეკომპანიის ერთი წლის ბიუჯეტი მხოლოდ 211.916 ლარია, რაც თანამშრომლების ხელფასებისთვისაც კი არაა საკმარისი.
[2] 2022 წელს კონსტანტინე მორგოშიამ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან განაცხადა, რომ ტელევიზიაში დაახლოებით 80 კაცია დასაქმებული. რაც შეეხება ხელფასებს, DRI-ის ინფორმაციით,
კომპანიის მძღოლის ხელფასი 1.000 ლარს შეადგენს. თუ ტელევიზიაში მომუშავე თანამშრომლების საშუალო ხელფასი 1.000 ლარია, ერთი წლის ხელფასებში, სულ მცირე, 960.000 ლარი უნდა დახარჯულიყო.
2023 წლის
პირველი და
მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით
[3], მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 343.148 ლარია, ხოლო ტელევიზიის შემოსავალი - 360.900 ლარი. ტელევიზიის ბიუჯეტი კი მომსახურების ხარჯების გამოკლებით, მხოლოდ
17.753 ლარია.
თუ ტელევიზიაში მომუშავე თანამშრომლების საშუალო ხელფასი 1.000 ლარია და დასაქმებულთა რაოდენობა 80-ია, 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასებში, სავარაუდოდ, 480.000 ლარი უნდა დახარჯულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოწირულებები და ფინანსები 2022 წელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული, პარტიაც და ტელევიზიაც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. მოცემული ფაქტი კი ბადებს ეჭვს, რომ რადიკალური დაჯგუფების შემოსავალი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურ წყაროებში ჩანს.
[1] radiotavisupleba.ge, „კონსერვატიული მოძრაობა" 10-მდე ოფისს ხურავს - აქვს თუ არა "ალტ-ინფოს" ფინანსური პრობლემა?”, 10 აგვისტო 2022 წელი, ხელმისაწვდომია:
[2] მაუწყებლობისთვის გაწეულ მომსახურებებში იგულისხმება ინტერნეტის, სხვა ადმინისტრაციული ხარჯების, იჯარის, აუდიტის, კომუნალური, ციფრული მიწისზედა მულტიპლექსის, დაცვის სამსახურის ხარჯები.
[3] 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით.