GEO   ENG
სიახლეები
რა განწყობებით შეხვდა სოხუმი 27 სექტემბერს?
04.10.2023
ყოველ 27 სექტემბერს აფხაზური საზოგადოება სოხუმის გათავისუფლების დღის აღსანიშნად ემზადება, თუმცა წელს, ყარაბაღში აზერბაიჯანის წარმატებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, ემოციები ეჭვნარევია. ბევრი შიშობს, რომ აფხაზეთს შესაძლოა იგივე ბედი ელოდეს, რაც ყარაბაღს, და თუ სამხედრო დაპირისპირებაში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს ცენტრალური მთავრობის პირისპირ მარტო დარჩება, კონფლიქტი ქართველების სასარგებლოდ დასრულდება.

ამ შიშების გასაქარწყლებლად, აფხაზურ პოლიტიკურ დისკურსში ორი არგუმენტი გამოიკვეთა. ერთი, რომ ყარაბაღისგან განსხვავებით, რომელიც სომხეთმაც კი არ აღიარა, აფხაზეთი ნაწილობრივ საერთაშორისოდ აღიარებულია და რაც მთავარია, რუსეთის მიერ, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის გარანტორია. მეორე - აფხაზეთში თვლიან, რომ ყარაბაღის შემთხვევაში ნეგატიურად ამოქმედდა პუტინის გუნდის უნდობლობა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიმართ. აფხაზებს სჯერათ, რომ მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულება აფხაზური ელიტის მიმართ რუსეთში არაა, რაც ყარაბაღის და აფხაზეთის მდგომარეობას მნიშვნელოვნად განასხვავებს.  

აფხაზური საზოგადოების რუსეთის მხარდაჭერასა და მფარველობაში დასარწმუნებლად, სექტემბრის დასაწყისში ოჩამჩირე-გალის რაიონები ე.წ. აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სამხედრო შენაერთების წვრთნები გაიმართა, რომელიც პირობითი მოწინააღმდეგის მიერ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ბლოკირებასა და აღკვეთაზე იყო მიმართული. პირობით მოწინააღმდეგეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იგულისხმება. როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა:

„ახლა აფხაზეთი საქართველოდან თავდასხმების მოსაგერიებლად ემზადება. უფრო მეტიც, ყველაფერი სპირალურად მიდის: 1992-1993, 2008, რა არის შემდეგი??? ამიტომაც ასეთი წვრთნები უწყვეტ რეჟიმში ტარდება როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში [მსგავსი წვრთნები შარშანაც ჩატარდა, თუმცა უფრო მასშტაბური იყო]. საქართველო არის აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც ჩაიდინა აფხაზი ხალხის გენოციდი და 30 წელია ახორციელებს საერთაშორისო იზოლაციას. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის!"

სოხუმის გათავისუფლების და დამოუკიდებლობის დღის მშვიდად და თავდაჯერებულად აღსანიშნად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლური აქცია ჩატარდა:

  1. „აფხაზეთის სამამულო ომის“ [იგულისხმება 1992-1993 წლების ომი] მონაწილე მედიკოსებს ჯანდაცვის სამინისტროს საუწყებო მედლები გადაეცათ;
  2. საზოგადოებრივმა პალატამ საზეიმო შეხვედრა გაუმართა ომის მონაწილე ქალ ვეტერანებს; ყველა ოჯახი, რომლის წევრიც ომში დაიღუპა, პენსიის დანამატად ერთჯერადად ოცი ათას რუბლს მიიღებს (დაახლოებით 560 ლარი);
  3. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მოძმე რესპუბლიკების“ ზეიმი გამართა, რომელზეც რუსეთის ოფიციოზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება თხუთმეტი წლის წინ დადებული პირობის მიმართ, რომ დაიცავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარებულ დამოუკიდებლობას;
  4. სოხუმის „სამამულო ომის დიდების პარკში“ საზეიმოდ გადაასვენეს ორი ახლახან ამოცნობილი მეომრის ცხედარი. ღონისძიება სამხედრო პატივითა და შესაბამისი პატრიოტული სიმბოლიკის თანხლებით ჩატარდა: „დღეს, წლების შემდეგ, გვახსოვს, რის ფასად მივიღეთ გამარჯვება. ყველას გვახსოვს, რისი გადატანა მოგვიწია. რამდენი უნდა იტანჯოს ჩვენმა ხალხმა. მაგრამ სამშობლოსთვის ასეთ რთულ დროს, არც ერთი მეომარი არ შეკრთა. მოხუცებმაც და ახალგაზრდებმაც შეასრულეს დაკისრებული ამოცანები“ - აღნიშნა დავით ბჟანიამ, აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა.
აფხაზეთის საზოგადოება, რომელიც რიგ საკითხებზე შიდა დაპირისპირებაშია, ხშირად რუსეთთან კონფრონტაციასაც ბედავს და ამის დემონსტრირებით დანარჩენ საქართველოს საზოგადოებას რეინტეგრაციის იმედს უჩენს, საკმაოდ მყარად დგას ისეთი თარიღების მიმართ კონსენსუსზე, როგორიც 27 სექტემბერია. გარედან ერთი შეხედვით, შთაბეჭდილება რჩება, რომ დისკურსული სქემა, რომელიც 1992-1993 წლების ომში აფხაზების მსხვერპლს, დამოუკიდებლობას და რუსეთს აერთიანებს, არ დაშლილა და ერთიანობას ინარჩუნებს, როგორც კი მასთან შეხებაში თბილისის საკითხი და შესაძლო სამხედრო ოპერაციის ალბათობა აღმოცენდება.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024