GEO   ENG
სიახლეები
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის კონტროლისთვის ყოფილი და ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტების კლანები იბრძვიან
18.07.2024

2024 წლის 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცხინვალის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია „ნიხასი“ გამოაცხადა, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ გამარჯვება ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის „ერთიანი ოსეთის“ პარტიამ მოიპოვა. საეჭვო შედეგებით დასრულებულ დე ფაქტო არჩევნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ბოიკოტი მოჰყვა, რაც შესაძლოა, უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს. მიმდინარე კვირაში მომხდარმა, ერთი შეხედვით, არაპოლიტიკურმა მოვლენებმა, შეიძლება ეს როლი ითამაშოს.

„არჩევნების“ შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს ცხინვალის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევა დაერთო თან. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამ ორ მოვლენას შორის კავშირს არავინ ადასტურებს, მასში მონაწილე ფიგურანტების ვინაობა ამ კავშირს სარწმუნოს ხდის. 2024 წლის 14 ივლისს, ნაშუადღევს, ხალხმრავალ ადგილას, ცხინვალის მე-12 საშუალო სკოლის წინ, დე ფაქტო ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის ახლო ნათესავებს ლევ და სერგო კაბისოვებს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ძმის შვილის ალიკ გაგლოევის ხელმძღვანელობით, ცეცხლი გაუხსნეს და სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები მიაყენეს. ორივე დაჭრილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა თავდასხმის შესახებ არცერთს არ განუცხადებია. „განცხადების არარსებობის გამო“ დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე არ აღუძრა.

პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცენტრალურმა კომიტეტმა დაუყოვნებლივ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო მომხდარი ძალადობა და დე ფაქტო ხელისუფლება კრიმინალური ბანდების დაუსჯელობაში დაადანაშაულა: „დანაშაულის დონე წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. მოქმედმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა წინასაარჩევნო დებატების დროს განაცხადა, რომ აპირებს კრიმინალთან ბრძოლას, მიუხედავად იმისა, მისი ძმაა თუ სხვა. მაგრამ რას ვხედავთ სინამდვილეში? რესპუბლიკა [ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი] ჩაძირულია ქაოსში, ბანდიტიზმში, უბედურ 90-იანებში“.

პარტია „ერთიანი ოსეთი“ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება კრიმინალებს მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრების დევნისთვის და შევიწროებისთვის იყენებს. პარტიამ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, კაბისოვებზე თავდასხმის საქმე გამოიძიონ და ყველა პასუხისმგებელი პირი დასაჯონ.

ოფიციალურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალან გაგლოევმა სამართალდამცავ უწყებებს „ინციდენტის გამოძიება“ დაავალა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ აღუძრავს იმ ფორმალური მიზეზით, რომ დაზარალებულებს თავდასხმის თაობაზე პოლიციაში განცხადება არ შეუტანიათ.  თავად კაბისოვები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

ცხინვალში 14 ივლისს მომხდარ სისხლიან გარჩევას მანამდე მომხდარი სხვა ფაქტები და მათთან დაკავშირებული ბევრი დეტალი ახლავს, რომელიც ამ ინციდენტს ყოფით და კრიმინალურ ასპექტებს სძენს, მაგრამ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებას, რომელიც პოლარიზებული და პოლიტიკურად გაყოფილია, ბევრი კითხვის ნიშანი აქვს მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებთან, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დაპირებული მშვიდობა და სამართლიანობა ვერ მოუტანეს.

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026