GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
Covid-19-ის მონიტორინგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში
26.06.2020
საქართველოს ყოფილმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა დააფუძნა საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტი, რომლის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, საქართველოში პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების განხორციელება, და დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და კარგი მმართველობის განმტკიცება.
 
უჩა ნანუაშვილს აქვს სამოქალაქო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. 2012 წლიდან 2017 წლამდე იყო საქართველოს ომბუდსმენი. დაფუძნებული აქვს ადამიანის უფლებათა ცენტრი და კოორდინაციას უწევს სამხრეთ კავკასიის ქსელის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს. ის ასევე იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საორგანიზაციო  კომიტეტის წევრი.
 
მისი ბოლო სამოქალაქო საზოგადოების პროექტია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პოპულარიზაცია და ანგარიშვალდებული მმართველობითი სისტემის დამკვიდრება საქართველოში. ინსტიტუტი, განსაკუთრებულად ორიენტირებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომლებიც რუსეთის კონტროლს ექვემდებარებიან და რომლებზე წვდომაც უკიდურესად შეზღუდულია.
 
დაარსების დღიდან (2018 წელი), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ადამიანის უფლებების, ანტირადიკალიზაციისა და რეფორმების მიმართულებით მრავალი პროექტი განახორციელა „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით. ნანუაშვილი და მისი გუნდი აკვირდებიან ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მათ ამ რეგიონებშიგააჩნიათ კონტაქტთა ქსელები, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეავსონ ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებული საინფორმაციო ვაკუუმი.
 
Covid-19 და ოკუპირებული ტერიტორიები
 
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა ნორმალურ ვითარებაშიც რთულია, მარტში კი რეგიონებმა საქართველოსთან საზღვრები ჩაკეტეს Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამას წინ უძღოდა 2019 წლის მღელვარე პერიოდი, როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო თვეების განმავლობაში, ჯერ გასულ ზაფხულს თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების გამო და შემდეგ თბილისსა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას შორის სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, რამაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი გამოიწვია.
 
ეს ორი რეგიონი მოწყვეტილია საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან, რაც Covid-19 პანდემიის კონტექსტში ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისის შექმნის საფრთხეს. „ახალგორის გამშვები პუნქტი სექტემბრიდან დაკეტილია და ტერიტორია იზოლირებულია არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ სამხრეთ ოსეთისგანაც”, - ამბობს ნანუაშვილი. „ახალგორში არ არსებობს რეალური ჯანდაცვის სისტემა და ამ ორმაგმა იზოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული დახმარება უზრუნველყოს.”
 
თბილისმა ენგურის ხიდზე, საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული გამშვები პუნქტიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, ახალი საავადმყოფო გახსნა, სადაც სამედიცინო მომსახურების გაწევა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის შესაძლებელი. თუმცა, არცერთი ანალოგიური პროექტი არ არის გათვალისწინებული სამხრეთ ოსეთისთვის, რომელიც ამ ორი რეგიონიდან უფრო პატარა და ნაკლებად განვითარებულ რეგიონს წარმოადგენს.
 
ახალგორის მსგავსად, იზოლაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას სოფელი ერგნეთიც. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ერგნეთში აფთიაქის არარსებობის გამო, მოსახლეობა მოკლებულია წამლების შეძენის შესაძლებლობას საგანგებო მდგომარეობის დროს; მათთვის პურის ყიდვაც კი რთული ამოცანაა.
 
9 ივნისის მდგომარეობით, სამხრეთ ოსეთში Covid-19-ის 57 შემთხვევაა დადასტურებული. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მოსახლეობა არ იცავს სოციალური დისტანცირებს წესებს, დე-ფაქტო ხელისუფლება კი უარს ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დახმარებაზე.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მათი პარტნიორებისგან პანდემიის დროს მიღებული ინფორმაცია ძირითადად უკავშირდება სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობას. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გამოწვევებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით იმ მცირერიცხოვანი ქართველებისთვის, რომლებიც იქ 90-იანი წლების ომების შემდეგ დარჩნენ.

 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საქმიანობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში
 
გადაადგილების თავისუფლება მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საზღვრების თვითნებურად ჩაკეტვა ზიანს აყენებს ადგილობრივ ეკონომიკას, რომელიც ხშირად დამოკიდებულია ხელისუფლების მიერ კონტროლირებად უახლოეს ტერიტორიასთან პროდუქტის გაცვლაზე. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბევრი მკვიდრი რეგულარულად კვეთდა საზღვარს სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით პანდემიამდეც. გასულ დეკემბერს, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის დახმარების მიზნით ჩასული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, აღშფოთება გამოიწვია მთელ საქართველოში.
 
ამასთან, ხშირად აქვს ადგილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საზღვრის გადმოწევას თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეგრედწოდებული „ბორდერიზაციის“ პროცესი,  ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მზარდ მილიტარიზაციასთან ერთად, ასევე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - განმარტავს ნანუაშვილი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს ასევე წართმეული აქვთ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, რადგან განათლების პროცესი მიმდინარეობს რუსულად და მისი ხარისხი არის დაბალი.
 
ამჟამად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობს ადგილობრივი კონტაქტების ფართო ქსელის საშუალებით. ისინი თავიანთ მოვალეობად მიიჩნევენ საქართველოს საზოგადოებისა და მთავრობისათვის, ასევე ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მრგვალი მაგიდებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
 
რადიკალიზაციასთან ბრძოლა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის წახალისება
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საქმიანობა არ შემოიფარგლება ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგით. მათი ინტერესი მოიცავს სხვადასხვა სფეროს, დაწყებული მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მონიტორინგით და დამთავრებული მთავრობისთვის რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეთავაზებით.
 
რაც შეეხება რადიკალური ჯგუფების მიმართულებას, ნანუაშვილი განმარტავს: ”ჩვენ ვცდილობთ მონიტორინგი გავუწიოთ მემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს და მათ საქმიანობას სოციალურ მედიაში. ჩვენ მჭიდროდ ვაკვირდებით ამ ჯგუფებს და ასევე მათ ლიდერებსაც.” ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტის ზრდა საქართველოში არის გაგრძელება მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციისა, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში ლგბტ საზოგადოების პირველი ღონისძიების, თბილისი პრაიდის მასპინძლობის მცდელობას მოყვა ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები და საპროტესტო აქციები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ასევე აკვირდებოდა Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს როგორ იყენებდნენ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები არსებულ სიტუაციას სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებისთვის.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სექტორების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლაში, რათა მთავრობისათვის მოამზადოს რეკომენდაციები რეფორმებთან დაკავშირებით. ნანუაშვილის თქმით, უსაფრთხოების სამსახური ზედმეტად პოლიტიზებულია და პროკურატურისგან საკმარისად არ არის გამოყოფილი. იგი თვლის, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იმუშავებს კორუფციის საქმეებზეე; ასევე უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი და საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმით აღჭურვილი დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის კიდევ ერთი მიმართულებაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. ინსტიტუტი უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას არასრულწლოვანთა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აგრეთვე ტრენინგებს იურისტებისა და სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.

 
საქართველო იზოლაციის პირობებში
 
როდესაც ქვეყანაში გამოცხადდა იზოლაცია მარტში, ნანუაშვილი ძირითადად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გადაიდო ტრენინგები, იურიდიული კონსულტაციები გადავიდა ონლაინ რეჟიმზე, კვლევებისა და ანგარიშების მომზადების პროცესები კი არ შეჩერებულა. მათ ასევე წამოიწყეს ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა Covid-19-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა ენაზე, რომელიც გამიზნული იყო საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წევრები მონიტორინგს უწევდნენ კრიზისის დროს მთავრობის მუშაობას, და ხშირად მონაწილეობდნენ სატელევიზიო გადაცემებში საგანგებო მდგომარეობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ასევე ხმამაღლა ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევდა მთავრობას შეეზღუდა გადაადგილებისა და შეკრების უფლება, რაც ოფიციალურად პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად გამოცხადდა, თუმცა რეალურად ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საშუალებას წარმოადგენდა. ”ჩვენ საკმაოდ კრიტიკულები ვიყავით და მთავრობას მეტი ინფორმაციის წარმოდგენა ვთხოვეთ”, - ამბობს ნანუაშვილი. წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა აღნიშნული კანონი დაამტკიცა.
 
საერთო ჯამში, ნანუაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის მართვის თვალსაზრისით. მხოლოდ 818 დადასტურებული შემთხვევითა და 13 გარდაცვალებით, საქართველომ ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა თავის მეზობლებთან შედარებით. ორთვიანი იზოლაცია დასრულდა 22 მაისს. თუმცა, საქართველოში ყველაფერი იცვლება. ”2019 წლის ივნისიდან, საქართველო სხვა ქვეყანა გახდა”, აცხადებს ნანუაშვილი.
 
გასულ ზაფხულს, მას შემდეგ, რაც მთავრობამ რეზინის ტყვიები გამოიყენა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსი დეპუტატის ვიზიტს საქართველოს პარლამენტში, საქართველოში საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. მას შემდეგ, „ქართული ოცნების“ მმართველმა პარტიამ კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა საკუთარ ხელში და ახლა ისინი ფლობენ კვაზი-მონოპოლიას არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ მედიაშიც, რაც გადამწყვეტი იქნება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის უზრუნველსაყოფად. როგორც ნანუაშვილი აცხადებს, მოცემულ ვითარებაში "ყველაფერი შესაძლებელია".
 
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024