GEO   ENG
სიახლეები
რუსული რბილი ძალა გალში?
12.04.2021
აფხაზეთში, მარტის ბოლოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა სამი თვის განმავლობაში დაგვიანებული ხელფასები მიიღეს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გასტუმრებულ დავალიანებას აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უკანონო საელჩოს წერილიც მიჰყვა, რომლითაც რუსეთის მთავრობის სახელით გალის ქართულმა მოსახლეობამ მხარდაჭერის და ზრუნვის აღთქმა მიიღო. წერილის მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავის თავზე აიღო აფხაზეთის საჯარო უწყებების სახელფასო დავალიანების 93%-ის დაფარვა. სიახლეს თან ახლავს შეხსენება, რომ რუსები „მეგობრები“ არიან. წერილის პათოსის მიხედვით, დროა, ქართველებმა გააცნობიერონ რომ რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა მხოლოდ რუსეთის დახმარებითაა შესაძლებელი.

იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიდგომა გალის ქართული მოსახლეობის მიმართ მხოლოდ შეზღუდვებით  შემოიფარგლება, თვალსაჩინოა, რომ რუსეთი რბილი ძალის ამოქმედებას იწყებს, რათა ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერის და ერთგვარი მფარველობის გზით გალელი ქართველები გადაიბიროს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის უცნობია, მიიღეს თუ არა იგივე შინაარსის წერილები აფხაზეთის სხვა რაიონების და ქალაქების საჯარო მოხელეებმა, თუ ეს ტექსტი მხოლოდ გალში მცხოვრები ქართველებისთვის გაიგზავნა. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ზურგს უკან აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც ეთნიკურ ქართველებს შორის აფხაზების და მათი „მთავრობის“ მიმართ უნდობლობას რუსეთის მიმართ სიმპათიის და მხარდაჭერის ზრდის საწინდრად ხედავს. იმის გათვალისწინებით, რომ გალის ქართულ მოსახლეობასთან საქართველოს ხელისუფლების წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო კოვიდ-პანდემიის დროს ამ რაიონის იზოლაცია კიდევ უფრო გაიზარდა, წერილში ფორმულირებული რუსული მესიჯი „რომ თქვენ შეიძლება მიგატოვოთ ყველამ, მაგრამ რუსეთი არასდროს მიგატოვებთ“ სერიოზულ გამოწვევად შეიძლება აღვიქვათ როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის. მსგავსი პოლიტიკა აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობაში პრო-რუსული განწყობების ზრდაზეა მიმართული, რაც აფხაზეთში რუსეთის ანექსიის გაღრმავების და განმტკიცების საწინდარი შეიძლება გახდეს.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის 246,936 მოსახლიდან[1] 46 813 ადამიანი ეთნიკურად ქართველია, რაც რუსული საოკუპაციო არითმეტიკის შესაძლო გათვლით, გამოკვეთილად პრო-რუსულად განწყობილ 22,341 ეთნიკურ რუსთან და 41,845 სომეხთან ერთად (ჯამში 64,186), დააბალანსებს 124,785 ეთნიკური აფხაზის[2] პოლიტიკურ განწყობებს.

აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და ამის საპირისპიროდ, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მომხრეებს შორის წყალგამყოფი ეთნიკურ იდენტობაზე გადის, რაც ჯერ კიდევ 2011 წელს ამერიკელი და რუსი მკვლევარების მიერ აფხაზეთში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა.[3]  სამწუხაროდ, მას შემდეგ არცერთი კვლევის შედეგი საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. შესაბამისად, რთული სათქმელია, იცვლება თუ არა ეთნიკურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის მიხედვით ეს განწყობები. თუმცა, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს ტენდენციები დღემდე აქტუალურია, რასაც რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი გავლენის გაზრდისთვის და მასზე დე-ფაქტო ხელისუფლების ზურგს უკან მართვის სადავეების ხელში ჩაგდებისთვის.

მოცემული მდგომარეობა და ტენდენცია დამაფიქრებელი უნდა იყოს პირველ რიგში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისთვის, რომელიც გალის რაიონში კვლავინდებურად აგრძელებს ადგილობრივი ქართული თემის კულტურული უფლებების შეზღუდვას. მაგალითად, ამა წლის 30 მარტს ოფიციალურმა სოხუმმა უარით უპასუხა 2020 წლის აგვისტოში გალელი ქართველების კოლექტიურ წერილს ქართული ტოპონიმების და ქუჩების სახელების აღდგენაზე. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მსგავსი მიდგომა, ცხადია, მეტ საფუძველს შექმნის ეთნიკურ ქართველებს შორის რუსეთის ფედერაციის უკანონო წარმომადგენლობის პროპაგანდის და რბილი ძალის მიმართ პოზიტიური განწყობების შექმნისთვის, მით უფრო, რომ გალელების მიმართ აფხაზური მხარის „ცივ“ პოლიტიკას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა, რაიონის იზოლაციის გამო, ვერ აბალანსებს.
 
[1] დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა 2016 წლის მონაცემებით (რუსულად) https://ugsra.org/ofitsialnaya-statistika.php?ELEMENT_ID=243
[2] აფხაზეთის ეთნიკურად აფხაზური მოსახლეობა შეიძლება ოფიციალურზე უფრო ნაკლები იყოს. ჯერ კიდევ 1989 წლის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში ჩატარებული საერთო საკავშირო აღწერის მიხედვით ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა მთელ საბჭოთა კავშირში 105,000-ს შეადგენდა. ცხადია, მათი დიდი ნაწილი ცხოვრობდა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუმცა, რთული წარმოსადგენია, 1992-1993 წწ. ომის, ეკონომიკური კრიზისის და სოციალური სფეროს შესაბამისი კოლაფსის შემდეგ, ამ ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული ვითარება ასეთი სწრაფი ზრდით შეცვლილიყო.
ბოლდირევი ვ.ა. (1990) სსრკ მოსახლეობის აღწერის შედეგები (რუსულად). გამომცემლობა Финансы и Статистика. გვ. 37. http://istmat.info/files/uploads/17594/naselenie_sssr._po_dannym_vsesoyuznoy_perepisi_naseleniya_1989g.pdf
[3] ამერიკელი და რუსი მკვლევარების მიერ აფხაზეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა O'Loughlin, J., Kolossov, V., Toal, G. (2011). Inside Abkhazia: Survey of Attitudes in a De Facto State. Post-
Soviet Affairs. 27. Pg. 16.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026