წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართული ოცნება“ და საქართველოს საპატრიარქო მჭიდროდ თანამშრომლობენ
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ასახულია 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მომხდარი ფაქტები და განვითარებული მოვლენები; შესაბამისად, არაა გაანალიზებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების პოლიტიკური შინაარსის განცხადებები.
სინოდის 2012 წლის განჩინების მიუხედავად, რომელიც კატეგორიულად კრძალავს წინასაარჩევნო პერიოდში ღვთისმსახურთა მონაწილეობას რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში, მღვდელმთავრები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრადიციულად აქტიურობდნენ.
საანგარიშო პერიოდში ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებას დაესწრნენ და არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მმართველი პარტიის წევრების ვიზიტები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებსა და სამლოცველოებში. არჩევნების დანიშვნის დღიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა თანაპარტიელებთან ერთად ძირითადად ის ეკლესია-მონასტრები მოინახულა, რომელთა მშენებლობა-რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. პრემიერ-მინისტრის მიერ ეკლესია-მონასტრების „მოლოცვა“ ახალი ტენდენციაა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პროცესში არ დაფიქსირებულა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან ღვთისმსახურების შეცვლილი და ხისტი რიტორიკა გამოარჩევდა. თუ საპარლამენტო არჩევნების დროს, სასულიერო პირები მიუთითებდნენ, რომ საუბრობდნენ, როგორც სამოქალაქო პირები,
[1] ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღემდე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუფარავად განაცხადა, რომ შეუძლიათ პირდაპირ მოუწოდონ მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე.
[2]
ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდნენ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ელიოზ ჯინჭარაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.
ძირითადი შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებითაა წარმოდგენილი, მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც რამდენიმე ფორმაში გამოიხატება:
- სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე დასწრება - 2021 წლის 11 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სახელისუფლებო პარტიის მიერ საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის კანდიდატთა წარდგენის ყველა ღონისძიებას დაესწრნენ.
- მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან განსაკუთრებით ინტენსიურ ხასიათს იღებს ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირებთან ერთად „მოლოცვა.“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, 10 ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და „მოილოცა.“ მათი ნაწილი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება, რაც ყველა შემთხვევაში აღინიშნა.
- მაღალი იერარქიის წარმომადგენელი ღვთისმსახურები ცდილობენ ოპოზიციის დისკრედიტაციას ან/და ღიად და დაუფარავად უცხადებენ მხარდაჭერას სახელისუფლებო ძალას და კანდიდატს
- მმართველი პარტიის მსგავსად, რელიგიური თემებით მანიპულირებას ცდილობენ პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, „ლელოდან“ და პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის.“ თუმცა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასულიერო პირები ღიად არ ესწრებიან მათ საარჩევნო ღონისძიებებს
- საქართველოს საპატრიარქოს „სუს-ის ფაილებთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ღიად არ გაუკრიტიკებია. თავდასხმის ობიექტები გახდნენ არა უშუალოდ თვალთვალის განმახორციელებლები, არამედ „ფაილების გამავრცელებლები“, მათ შორის, კრიტიკული მედია საშუალებები და მათი მესაკუთრეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ დომინანტური ეკლესიის ავტორიტეტის და კონკრეტულ სასულიერო პირთა ინსტრუმენტად გამოყენებით, პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობას ცდილობს, რაც აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და საფრთხეს უქმნის არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო პრინციპების დაცვით ჩატარებას.
რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგი