24 თებერვალს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა „რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობის მონიტორინგის“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
დოკუმენტში მოცემულია როგორც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში მღვდელმსახურების მონაწილეობისა ფაქტები, ისე - საარჩევნო სუბიექტების მხრიდან რელიგიური თემატიკით, მართლმადიდებელი ეკლესიითა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების გავლენებით მანიპულირების შემთხვევები, რომლებიც სოციალური და ონლაინ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.
ანგარიშში ასევე გაანალიზებულია 2021 წლის არჩევნების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროებით და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით გამოწვეული მღვდელმსახურებისა და პოლიტიკური სუბიექტების შეცვლილი რიტორიკა.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ ეკლესიის ავტორიტეტს ამოფარებული მღვდელმსახურების და პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი ერთმანეთით „საზრდოობენ“. სასულიერო პირების ქცევას, სავარაუდოდ, მათი „ეკონომიკური ინტერესი“ განაპირობებს. პოლიტიკურ პარტიების ნაწილს კი ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ერთგულების დემონსტრირება ამომრჩეველთა გულის მოსაგებად სჭირდებათ. აღნიშნული საფრთხის ქვეშ აყენებს ეკლესიის სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობის იდეას და სეკულარიზმის პრინციპს.
დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა სამი მნიშვნელოვანი მიგნება.
პირველი, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებითაა წარმოდგენილი, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:
- სასულიერო პირები სახელისუფლებო პარტიის მიერ საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის კანდიდატების წარდგენის ყველა ღონისძიებას ესწრებოდნენ
- წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პარტიის ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკლესია-მონასტრები „მოილოცეს“, რაც გასული წლებისგან განსხვავებულ პრაქტიკას წარმოადგენდა
- მღვდელმთავრები სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერ/საწინააღმდეგო განცხადებებს.
მეორე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისი დაპატიმრება-გათავისუფლების საკითხმა სასულიერო პირებს შორის აზრთა მკაფიო სხვადასხვაობა გამოიწვია და გაამყარა აქამდე არსებული მოსაზრება, რომ ღვთისმსახურები ძალაუფლების შესანარჩუნებლად პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობენ.
მესამე, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან გამოიკვეთა მორალური და ზნეობრივი საკითხებით მანიპულირების მცდელობა, რაც პირდაპირ კავშირშია ეკლესიის და რელიგიის „გამოყენების“ პრაქტიკასთან. საანგარიშო პერიოდში გავრცელდა სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომლითაც გამყარდა არსებული ეჭვები, რომ მიმდინარეობს სასულიერო პირების მიყურადება და კონტროლი, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში სასულიერო პირებით მანიპულირების შესაძლებლობაა.
* * *
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.