დღეს ბევრი თანხმდება იმაზე, რომ წარსულის კრიტიკული გადახედვის გარეშე კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. იმაზე, რამდენად ვიტყვით უარს ისტორიის შელამაზებაზე და ვაღიარებთ საკუთარ შეცდომებსა თუ დანაშაულებს ბევრადაა დამოკიდებული მთლიანად ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მომავალი.
დღეს ჩვენ, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა გაცილებით მეტი ვიცით, რა ხდება ან მოხდა შორეულ ქვეყნებში, ვიდრე ერთმანეთის შესახებ, თუნდაც ახლო წარსულში მომხდარ ტრაგედიებზე. თითქმის სამი ათეული წელია გასული ომის დროს მომხდარი დანაშაულებებიდან, და ახლა მაინც უნდა გავაცნობიეროთ ამ თარიღების მნიშვნელობა. მართალია ომის დროს დაკარგულ ვერცერთ ქართულ, ოსურ და აფხაზურ სიცოცხლეს ვერაფერი დააბრუნებს, თუმცა დღეს მაინც გვმართებს შეცდომების და დანაშაულის გაცნობიერება და, სადაც შესაძლებელია, მათი გამოსწორება.
ძარის და ერედვის ტრაგედიები ოსებისთვის ქართულ-ოსური კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფურცელია, ისევე როგორც აფხაზებისთვის ლათის ტრაგედია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიის უმძიმესი ეპიზოდია.
1991 წლის მარტში, ეთნიკურად ოსების მიერ ოთხი ქართველის ავტომობილში დაწვის საპასუხოდ, მაშინდელი ქართული შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა 12 ეთნიკურად ოსი ცოცხლად დამარხეს. 18 მარტს ‘ურალის’ მარკის ავტომანქანით დმენისიდან, ხელჩუადან და ზემო ქერედან ცხინვალისკენ მიმავალი პირები სოფელ ერედვთან ჩამოსხეს. მანქანაში 25 პირი იმყოფებოდა, ქალები და ბავშვები გაათავისუფლეს, 12 მამაკაცი კი იმ დღეს გაუჩინარდა. მათ ნეშტებს მხოლოდ 1993 წელს მიაგნეს, გორის პროკურატურის დახმარებით.
ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე წვერიახოს მთაზე ოთხი ქართველის მკვლელობა, ისევე როგორც ერედვის ტრაგედია კვალავ რჩება ერთ-ერთ გამოუძიებელ საქმედ და შავ ლაქად ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიაში.
მსგავსი ისტორიები სხვაც შეიძლება გავიხსენოთ უახლოესი წარსულიდან.
1992 წლის 14 დეკემბერს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია აფხაზი ხალხისთვის. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სამხედრო შენაერთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ნასროლმა ჭურვმა ტყვარჩელიდან აფრენილი შვეულმფრენი ჩამოაგდო. ბორტზე მყოფი 87 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი დაიღუპა.
1992 წლის 20 მაისს, ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიმავალ ავტოკოლონას ჯავის რაიონის სოფელ ძარში თავს დაუდგენელი პირები დაესხნენ და დაცხრილეს. დაიღუპა ოცდათორმეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები; თექვსმეტი ადამიანი დაშავდა.
მსგავსი ტრაგედიები კონფლიქტის ორივე მხარეს არსებობს, თუმცა ადამიანები ძირითადად საკუთარ ტრაგედიასა და ტკივილზე ფიქრობენ მხოლოდ. ომმა წარმოქმნა უნდობლობა და გაუცხოება, რასაც შედეგად მოჰყვა ისიც, რომ ბევრი არაფერი ვიცით „მეორე მხარის“ ტკივილის შესახებ. დავივიწყეთ მწუხარების გაზიარება და ერთობლივი გლოვა, მეხსიერებიდან წაიშალა ბევრი მსგავსი ისტორია.
ცხინვალში თუ სოხუმში მომხდარი ტრაგედიები, უამრავი მსხვერპლი და ათასობით ადამიანის დევნილობა ათწლეულების განმავლობაში, ის საკითხებია, რაც ყველას გვახსოვს, ან უნდა გვახსოვდეს. თუმცა არც ამ ტრაგედიების გამოძიება მომხდარა. ადამიანები ყოველთვის ვგლოვობთ მხოლოდ საკუთარ, ჩვენს ტკივილს და ვერ გავითავისეთ სხვისი, მეორე მხარის ტრაგედია.
ძარის, ერედვის და ლათის ტრაგედიები არაა მხოლოდ აფხაზების და ოსების ტრაგედიები, ეს ყველას ტრაგედიაა, ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ტრაგედიაა.
ტრაგედიაა ისიც, რაც მოხდა, მაგრამ არანაკლებ საშინელია ის, რომ შევეგუეთ ასეთ ტრაგედიებს, რომელიც დღემდე არ გამოძიებულა და მისი ჩამდენი პირები არ დასჯილან. წლების განმავლობაში იცვლებოდა ხელისუფლებები, რომელთაც ამ დანაშაულებების გამოძიების სურვილი არ გასჩენიათ. არც იმაზე უზრუნია ვინმეს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს სცოდნოდა აღნიშნული ტრაგედიების შესახებ.
გარდა ამისა, არც ამ ტრაგედიების მსხვერპლის გახსენება ან დაღუპულთა ოჯახებისთვის მისამძიმრება გვიცდია ოდესმე. ხელისუფლებას არ გასჩენია სურვილი პირადად მიესამძიმრებინა დაღუპულთა ოჯახებისთვის. და ასე გრძელდებოდა და გრძელდება წლები. ტკივილი კი არ ქრება.
ამ ტრაგედიების გულწრფელად მისამძიმრება, სათანადოდ შესწავლა, გამოძიება და შეფასება ნდობის აღდგენისკენ მნიშნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
აღნიშნული ფაქტების გამოძიება თუნდაც იმისთვისაა აუცილებელი, რომ მსგავსი დანაშაული მომავალში არ განმეორდეს. წარსულის ბოროტების შეგნება უნდა აერთიანებდეს ადამიანებს არსებული მდგომარეობის შეცვლის მიზნით.
მანამდე კი, გარკვეული ნაბიჯები იქნებოდა სასურველი: ამ ტრაგედიების შესახებ ხელისუფლებამ თავისი ოფიციალური პოზიცია დააფიქსიროს და გამონახოს რაიმე ფორმა ფაქტების დადგენისთვის და წლების წინ დაწყებული და ბოლომდე მიუყვანელი გამოძიების დასრულებისთვის; უზრუნველყოს ამ ფაქტების გამოძიება მასში მონაწილე ყველა დამნაშავის გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად; უზრუნველყოს აღნიშნული ტრაგედიების შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება, რომელთაც აქვთ უფლება იცოდნენ,თუ რა მოხდა წლების წინ. დაწესდეს ხსოვნის დღე, რომლითაც პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ორივე მხარეს დაიღუპა.
კონფლიქტები ფიზიკური ძალადობის და ომის დამთავრების შემდეგ ადამიანთა გულებში კიდევ დიდხანს გრძელდება. სიძულვილი და რისხვა ადამიანთა ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებენ. ეს ემოციები ადამიანების პარალიზებას ახდენენ და მათ სიძულვილის მძევლებად აქცევენ. რისხვა და სიძულვილი როცა იპყრობს ადამიანს, შეუძლებელია, მან საღად შეაფასოს მოვლენები და წინ გაიხედოს. შეიარაღებული კონფლიქტიდან ამდენი წლის შემდეგ ადამიანური ტრაგედიების გაზიარება შესაძლოა, იყოს ნაბიჯი ნეგატიური წრის გარღვევისთვის, რომ ემოციებმა და სიძულვილმა აღარ მართონ ადამიანები. უნდა ვისწავლოთ გამოსვლა ამ მდგომარეობიდან და ერთმანეთის ტკივილის და ტრაგედიების გათავისება.
აუცილებელია სწავლა წარსულ შეცდომებზე. ესაა პასუხისმგებლობის აღება კონფლიქტში საკუთარ როლზე. კონფლიქტში, რომელშიც ყველამ უმძიმესი დანაკარგი ნახა. კონფლიქტში, რომელიც გრძელდება და ათასობით ადამიანი კვლავ მსხვერპლად რჩება.
უდანაშაულო ადამიანების ხსოვნა გვავალდებულებს გადავდგათ ნაბიჯები სიმართლის გასარკვევად. უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ პატივის მიგება დაგვეხმარება ნდობის აღდგენის პროცესის წარმართვაში.
ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.