GEO   ENG
სიახლეები
DRI საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას ტოტალური კონტროლის დაკანონების მცდელობად აფასებს
21.04.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება საქართველოს პარლამენტში, მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადები იზრდება და კონკრეტული მუხლებიდან გამომდინარე - შესაძლოა, განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს.[1] დღეს მოქმედი რედაქციით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადა 6 თვეა.[2]

სავარაუდო უკანონო ფარული მიყურადება და თვალთვალი, წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენს.[3] ნაცვლად სახელმწიფოს მხრიდან, მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტების ეფექტიანად, სწრაფად გამოძიებისა და საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებისა, ადამიანის პირად სივრცეში უკონტროლო ჩარევა ლეგიტიმური ხდება.

კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლო კონტროლით უნდა გაგრძელდეს. სასამართლო ნებართვის გაცემის პროცესში, მოსამართლეთა მაღალკვალიფიციურობისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს ვენეციის კომისია.[4] თუმცა, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემიდან გამომდინარე, აღნიშნული ჩანაწერი სათანადო გარანტიად ვერ ჩაითვლება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ეფექტიანად გამოძიება, რასაც შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს.[5] განუსაზღვრელი ვადით ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა სამოხელეო დანაშაულებზეც ვრცელდება (რაც სრულად არ ექცევა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში). ამასთან, სასამართლო, როგორც წესი, სრულად აკმაყოფილებს წარდგენილ შუამდგომლობებს, განსაკუთრებით, სამოხელეო დანაშაულთან მიმართებით.[6]

კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტისთვის შეტყობინების ვადა, შესაძლოა, გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ამ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტს სრულად ერთმევა დარღვეული უფლების სათანადოდ დაცვის სწრაფი და ეფექტიანი გარანტია. მეტიც, მან შესაძლოა, ვერასდროს შეიტყოს, რომ მის მიმართ მიმდინარეობს ან/და მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედება.

ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებული მეთოდები, ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავდეს ისეთ ბუნდოვან დათქმებს, როგორიცაა - შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. ასევე, განმარტებითი ბარათის მიხედვით, გაუგებარია, რა კრიტერიუმით შეირჩა სისხლის სამართლის კოდექსის ის კონკრეტული მუხლები, რა დროსაც, შესაძლოა, ფარული საგამოძიებო მოქმედება, განუსაზღვრელი ვადით ჩატარდეს.[7]

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ინიცირებული კანონის პროექტის მიღება და ამით, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის, მასთან ერთად კი კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების უგულებელყოფის დაკანონება.


 
[1] საქართველოს კანონის პროექტი, ,, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, იხ. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/298436 
[2] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი  მუხლი 143​3, ნაწილი 12
[3] DRI: უკანონო ფარული მიყურადება და თვალთვალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას, იხ. https://www.democracyresearch.org/geo/722/
[4] Venice Commission, REPORT ON THE DEMOCRATIC OVERSIGHT OF THE SECURITY SERVICES, 2007. 205-206
[5] საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, განმარტებითი ბარათი, იხ. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/298437 გვ. 1
[6] იხ. უზენაესი სასამართლოს ვებ. გვერდი, http://www.supremecourt.ge/statistics/2019/
[7] საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, განმარტებითი ბარათი, იხ. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/298437
DRI: „კონსერვატიულო მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოსავალი, შესაძლოა, ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურ წყაროებში ჩანს

DRI აგრძელებს ულტრამემარჯვენე ძალადობრივი დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსებსა და შემომწირველებზე დაკვირვებას. 2023 წლის აგვისტოში რადიკალურმა მოძრაობამ მხოლოდ ერთი შემოწირულება მიიღო.

25.09.2023
ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა
საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ეს კორუფციული მექანიზმი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა.
25.09.2023
სანქცირებული ფარცხალაძე - რუსული აგენტურის კვალი ქართულ პოლიტიკაში
14 სექტემბერს,  ოთარ ფარცხალაძისთვის  აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური გაერთიანების „ხალხის ძალისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. 
22.09.2023