საპროტესტო აქციებზე დემოკრატიის კვლევის ცენტრის თანამშრომელი გიორგი წაქაძე დააკავეს, რომელიც პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე გვიყვება.
29 ნოემბერს, დილის 07:00-თვის მივედი რუსთაველის გამზირზე, რათა შევერთებოდი დე-ფაქტო ხელისუფლების საწინააღმდეგო შეკრებას.
მანიფესტანტებს შევუერთდი თუ არა რუსთაველის თეატრთან, ზედა ქუჩებიდან დაიწყო შავნიღბიანი პოლიციელების ინტენსიური გადაადგილება მომიტინგეების მიმართულებით. ვინაიდან თავისუფლების მოედნის მხრიდან, თბილისი მარიოტის მიმდებარედ, იდგა „რობოკოპების“ გამაგრებული კორდონი და დიდი ოდენობით დარბევის ტექნიკა, მანიფესტანტებმა სწრაფი გადაადგილება დავიწყეთ საწინააღმდეგო მიმართულებით, „ზემელისკენ“. თუმცა, ასეულობით შავნიღბიანი სირბილით ჩამოვიდა მ.ლაღიძის და ა.ჭავჭავაძის ქუჩების გავლით და აგვედევნენ იქ მყოფ, ასიდან ორასამდე მანიფესტანტს. ჩვენ სათითაოდ გვეწეოდნენ, გვცემდნენ და გვაკავებდნენ. ეს ყველაფერი ჩემი მისვლიდან დაკავებამდე, დაახლ. 10 წუთი გრძელდებოდა. არც ამ დარბევის პერიოდში და არც მანამდე 10-15 წუთის განმავლობაში პოლიციის მხრიდან არცერთი გაფრთხილება ან ხმამაღალი განცხადება არ გამიგია, რადგან არ ყოფილა.
როცა გზაგასაყართან, ზეთისხილის ხის მიმდებარედ, მაღაზია კენართან, სწრაფი ნაბიჯით ვმოძრაობდი ტროტუარზე (მეტრო „რუსთაველის“ მიმართულებით), წამომეწივნენ დიდი სისწრაფით მოძრავი ნიღბიანი პოლიციელები. მოტრიალებაც ვერ მოვასწარი, ისე დამაგდეს ძირს და მინიმუმ სამმა მათგანმა წიხლები დამიშინა. ამ დროს ერთ-ერთის ფეხი მარჯვენა ყურში მომხვდა და (როგორც მერე გაირკვა) ნიჟარა დამიზიანა, რის გამოც სისხლდენა დამეწყო. დანარჩენი დარტყმები ტანში იყო და ისინი ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა. ცემის დროს ვითხოვდი, შეეწყვიტათ ეს ქმედება. მალევე, ორმა პოლიციელმა შემიპყრო და წამიყვანეს. მიმიყვანეს ოპერასთან, სადაც სხვა, ჩემსავით დაკავებულები მოჰყავდათ. იქ პოლიციის ერთ-ერთ ავტომობილში ჩამსვეს და დიღმის მასივში, თბილისის სამმართველოში წამიყვანეს. ჩემი დამკავებელი კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი ძირითადად კორექტულად მექცეოდა, თუმცა პოლიციის მანქანის მძღოლი თითქმის მთელი გზა მამცირებდა სიტყვიერად, რისთვისაც არავითარი საბაბი არ ჰქონდა.
დიღმის მასივში, თბილისის პოლიციის სამმართველოში ბევრი „ჩემნაირი“ ვნახე, ძირითადად ჩემზე უარესად ნაცემები და შოკირებულები. იქ სახელდახელოდ შეადგინეს ჩემი დაკავების ოქმი და იქვე მდებარე იზოლატორში გამაწესეს. იზოლატორში შესვლის რიგში, რამდენიმე საათით მამყოფეს გაჩერებულ პოლიციის მანქანაში. საბოლოდ, ჩემი შესახლება ნაშუადღევს მოხდა. იქ გამატარეს უცნაური პროცედურები: ამიღეს ხელის ყველა თითის და ხელის გულების რამდენიმე ანაბეჭდი, გადამიღეს არაუმცირეს ათი სურათი სპეციალური ფირნიშით ხელში და მის გარეშე (მანამდე დაკავების შემდეგაც მიღებდნენ და სადღაც აგზავნიდნენ ჩემ სურათებს). ამ და სხვა, პროცედურების (პირადი ნივთების ჩამორთმევა-დალუქვა, ექიმისგან დათვალიერება და ა.შ.) შემდეგ, აღმოვჩნდი ორკაციან კამერაში #7, სადაც, როგორც შემდეგ დავადგინე, დღის შუქი საერთოდ არ აღწევდა.
დიღმის იზოლატორში ნორმალურად მეპყრობოდნენ და შემოთავაზებული საკვებიც არ იყო ცუდი.
მეორე დღეს, 30 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, გამიყვანეს კამერიდან, გადმომცეს ჩემი ნივთები და პოლიციელების იმავე, დამკავებელმა წყვილმა და კიდევ ერთმა მათმა კოლეგამ, ერთ-ერთი მათგანის პირადი ავტომობილით გადამიყვანეს საქალაქო სასამართლოში. მისვლიდან არანაკლებ 3.5 საათის შემდეგ გამომიყვანეს ბინძური „აბეზიანნიკიდან“ და სასამართლო დარბაზში ამიყვანეს. ჩემთან ერთად განსასჯელის სკამზე იჯდა სხვა დაკავებულიც, რომელთანაც არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ საქალაქო სასამართლომ მაინც ერთად „განიხილა“ ჩვენ ორის საქმე. ჩემ მიერ კანონის დარღვევაზე მტკიცებულებები უბრალოდ არ ჰქონდათ და „მოსამართლე“ ჩაგუნავა მხოლოდ ერთ-ერთი ჩემი დამკავებლის ჩვენებას დაეყრდნო, რომელმაც პოლიციელების მიმართ ქვების სროლასა და გინებაში პირადად დამდო ბრალი, თუმცა ვერცერთი კონკრეტული დეტალი „ვერ გაიხსენა“. ნიშანდობლივია, რომ ამ ბრალდების გარდა, შსს-ს სარჩელში ეწერა სხვა ბრალდებაც, რომ პოლიციელებს ვუშლიდი ხელს მათი მოვალეობის შესრულებაში (რაც ასევე ტყუილი იყო). თუმცა, ამ ნაწილში არც რომელიმე მოწმეს და არც მომჩივანს პროცესზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ.
შედეგად, დაახლოებით საათნახევრიანი პროცესის შემდეგ, საღამოს 18:00-თვის მოსამართლემ გამოგვიცხადა გამამტყუნებელი განაჩენი და ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისათვის მომისაჯა ხუთდღიანი პატიმრობა.
ამის შემდეგ, თანმხლებმა სამმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ბორკილებდადებული ჩამსვა ავტომობილში და დაიწყო ჩემი გაურკვეველი მოგზაურობა თბილისის ქუჩებში. 1-2 საათის შემდეგ მივედით კრიმინალური პოლიციის მე-7 განყოფილებაში (გაგარინის მოედანთან) და ახლა იქ დამსვეს დაახლოებით დილის 3:30-მდე. შემდეგ, ისევ საქალაქო სასამართლოში წამიყვანეს და საბოლოოდ, დაახლოებით დილის 05:00-ზე ექვს სხვა, აქციაზე დაკავებულთან ერთად მომათავსეს „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამგზავრო მიკროავტობუსში. საყურადღებოა, რომ ჩაჯდომამდე მიიღეს ბრძანება, რომ წინ დადებული ხელბორკილები ყველასთვის ზურგს უკან გადაეტანათ და ისე წაგვიყვანეს ქუთაისისკენ.
რკინის ბორკილებით ზურგს უკან შეკრული ხელების გამო, მთელი გზა (დაახლოებით სამი საათის განმავლობაში) განვიცდიდით ფიზიკურ ტანჯვას და პერიოდულად გამოვთქვამდით უკმაყოფილებას. მას შემდეგ, რაც ადგილზე ჩავედით, მინიმუმ, კიდევ ხუთი საათის განმავლობაში ვიყავი ზურგს უკან ხელებშეკრული, რადგან, რატომღაც, ქუთაისის იზოლატორში (მდებარე ჯავახიშვილის ქუჩაზე) დაკავებულთა შესახლებას დიდი დრო დასჭირდა. ანუ, ჯამში, მინიმუმ 8 საათის განმავლობაში მქონდა ხელები ზურგს უკან ბორკილებით შეკრული. ბუნებრივია, დროდადრო ვითხოვდი ამ მდგომარეობის შემსუბუქებას და ბორკილების წინ გადმოტანას, რისი ნებაც ავტომობილში ლოდინის მხოლოდ ბოლოს ერთი საათის განმავლობაში მომცეს. საბოლოოდ, ნაშუადღევის 15:00-თვის შევედი იზოლატორში.
აქაც ამიღეს ხელის ყველა თითის და ხელის გულების რამდენიმე ანაბეჭდი, გადამიღეს ბევრი სურათი სპეციალური ფირნიშით ხელში და მის გარეშე. ქუთაისის იზოლატორში ნორმალურად, თავაზიანად მეპყრობოდნენ. პატიმრობის ვადის გასვლისას, 4 დეკემბერს, დილის 07:15-ზე კი ქუჩაში გამომიშვეს, ისე, რომ ჩემს თბილისში დაბრუნებაზე არავის უზრუნია.
აქ აღსანიშნავია, რომ ჩემი დაკავების მთელი ხუთი დღის განმავლობაში, ტელეფონით სარგებლობის უფლება არც ერთხელ ამ მომცეს. პოლიციელები თვითონ დაუკავშირდნენ ჩემს ოჯახს, თუმცა ინფორმაციის დაზუსტებით (მაგალითად, დაკავების ადგილის შესახებ) თავს არ იწუხებდნენ და ჩემი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენას ოჯახის წევრები სხვა, არაფორმალური არხებით ახერხებდნენ. ასე მოხდა ჩემი იზოლატორში შესახლების ორივე შემთხვევაში, ოჯახს სხვა ლოკაციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სინამდვილეში კი სხვაგან ვყავდი მოთავსებული.
მთლიანობაში, ვთვლი, რომ ჩემი ცემა, არაადამიანურ პირობებში ტრანსპორტირება და პატიმრობა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ საბაბით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაში ვიღებდი მშვიდობიან მონაწილეობას.
მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს ხელი მოაწერა შვიდამდე კანონს, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
On December 26, several cases of unjustified dismissal of civil servants became known to the public.
For more than 7 years, civil activist Tamar Mearakishvili has been a victim of persecution and harassment by the de facto authorities of South Ossetia.