Statements
პეტიცია - „შინ ევროპაში“ კამპანიის ფარგლებში აქტივისტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები თავს დაესხნენ
11.07.2022
2 ივლისს სამოქალაქო აქტივისტები ქალაქ მარნეულში ეწეოდნენ „შინევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიას, რა დროსაც აქტივისტებს თავს დაესხნენ მერიის და საკრებულოს თანამშრომლები. ისინი სამირა ბაირამოვას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე ჰქონდათ  ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.  პოლიცია ცდილობდა დაპირისპირების განმუხტვას, თუმცა არ ახდენდა სათანადო რეაგირებას თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად. 

სამოქალაქო აქტივისტი  სამირა ბაირამოვა გახდა შეურაცხყოფების ობიექტი. მას თვითმმართველობის თანამშრომლები მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდნენ შესულიყვნენ მასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში. ორმაგად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია ის ფაქტი, რომ აქტივისტების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ კამპანიაში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქალების როლის და ფუნქციის გაზრდას თვითმმართველობის საქმიანობაში და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობის აღმოფხვრა.

2 ივლისის შემდგომ, სოციალურ ქსელებში, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი და სხვა თანამშრომლები აქტიურად   ცდილობენ მოახდინონ როგორც აქტივისტების, ასევე მედიის წარმომადგენლების დისკრედიტაცია. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი და 2 ივლისს დაპირისპირების ავანგარდში მყოფი, ასევე მერიის თანამშრომელი ირმა ზარქუა აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და რადიო „მარნეულის“ ხელმძღვანელს კამილა მამედოვას შეურაცხყოფას.  ცალკე ასაღნიშნავია და მიუღებელი ის ფაქტი, რომ პირადი ცხოვრების შესახებ ფაქტების გასაჯაროების და გასაჯაროების მუქარა საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლების მხრიდან მოდის.

მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან “გამოხატვის თავისუფლების” უხეში და უკანონო ფორმები წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით საჯარო მოხელის ეთიკური ნორმების დარღვევას და არის საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქცევა.  კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს მოხელის მიერ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულებას. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 72-ე და 77-ე მუხლების შესაბამისად, ნებისმიერი  მოხელე ვალდებულია დაიცვას საჯარო სამსახურის პრინციპები (პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; კანონიერება, ეთიკის წესების დაცვა) და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. მოხელე ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

2022 წლის 2 ივლისს მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების აშკარა, შეურაცხმყოფელი ქცევები,  სიძულვილის ენა და ამავე პირების მიერ აქციის შემდგომ სოციალურ ქსელში დღემდე მიმდინარე აქტივობები პირდაპირ და უხეშად ხელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს, შეუთავსებელია ეთიკურ ღირებულებებთან და არღვევს არაერთი ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვები,  რომ ამ მოხელეების ქცევები მოტივირებულია პარტიული ინტერესებით, რაც ასევე არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“   საქართელოს კანონის მე-132 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მე-6 მუხლის  თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.

ამავე დადგენილების, მე-11 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. აქვე საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება.

ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან დაუყოვნებლივ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია.  როგორც აღინიშნა, მოხელის შეუფერებელი ქცევა ზიანს აყენებს კონკრეტული სამსახურის და სახელმწიფოს რეპუტაციას, მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ  საჯარო სამსახურის ქცევის წესებთან შეუსაბამო ქმედებები დღემდე გრძელდება, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელში სისტემატურად განაგრძობენ აქტივისტებზე საჯაროდ თავდასხმებს, შეურაცხყოფას, პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, სიძულვილის ენის გამოყენებას, როგორც სამუშაო ისე არასამუშაო დროს. ამდენად, აუცილებელია მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება, როგორც კონკრეტული აქტივისტების უფლებების დასაცავად, ისე მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს რეპუტაციის შემლახველი პროცესის შესაჩერებლად.

დღეს, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას, სახელმწიფოს  პირდაპირი აკისრია, მოახდინოს პოლიტიკის იმგვარად წარმოება,  რომ   შეამციროს მკვეთრი პოლარიზაცია, ითანამშრომლოს  სამოქალაქო სექტორსა  და მედიასთან, თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, აძლიერებს პოლარიზაციას და თვითმმართველობას წარმოაჩენს მოძალადე ადამიანების ერთობად.

ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებას გამოვთქვამთ შექმნილი სიტუაციის გამო და მოვუწოდებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯაროდ  ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის:

  1. თანამდებობიდან გაანთავისუფლოს რიმა ოთარაშვილი და ირმა ზარქუა;
  2. თანამდებობიდან გაანთავისუფლოს ააიპ ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა _ ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრის) დირექტორის მოადგილე, სოსო ინაძე რომელიც არღვევდა კანონს, სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა , უფრო ზუსტად კი დედას  აგინებდა სამირა ბაირამოვას.
  3. თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული გამოხატვა და დაუყოვნებლივ დაიწყონ თანამშრომლობა მედიასა და სამოქალაქო სექტორთან.
ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელმომწერი პირები ვადასტურებთ მზაობას, რომ შეწყდეს არაფრისმომცემი და მადისკრედიტირებელი კამპანია! მოვუწოდებთ თვითმმართველობას თანამშრომლობისა და კონსესუსზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოაყალიბებისკენ როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

 
პეტიციას უერთდებიან და იზიარებენ მის სულისკვეთებას:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი
უფლებები საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიაომბუდსმენი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
სატელევიზიო ქსელი
საფარი
ფემინა
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტი
დემოკრატიის მცველები
ღია სივრცე კავკასია
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი
გააღვიძე აქტივიზმი
შემაშფოთებელია ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ საზღვარზე შემოწმების სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლარსის საზღვარზე ჩრდილოეთკავკასიელების სპეციალური და უფრო მკაცრი შემოწმების სავარაუდოდ დისკრიმინაციული გამოცდილებას აჩვენებს.
28.09.2022
“თანაგრძნობას ვუცხადებთ ორივე მხარეს” – სამოქალაქო საზოგადოება აფხაზეთის ომზე
27 სექტემბერი, აფხაზეთის ომის დასრულებიდან 29 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქართველი და აფხაზი ხალხის წარსულ ტრაგედიებს და განგრძობადი კონფლიქტის მძიმე რეალობას.
28.09.2022
The civil sector demands the creation of an investigative commission to study the current situation in the judicial system
Recently, the public's attention has been drawn to the statements of former judges, who speak publicly about the facts of pressure on judges and improper interference in the justice system. 
22.09.2022