News
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა და მოსალოდნელი ანექსია
30.06.2026

23 ივნისს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსახლეობას, ვიდეომიმართვის საშუალებით, საკუთარი გადადგომის შესახებ შეატყობინა. კრემლის მხრიდან გაგლოევის მმართველობის მიმართ არსებული მრავალწლიანი უკმაყოფილება საბოლოოდ გაგლოევის გადადგომით დაგვირგვინდა.

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან იყო ცნობილი, კრემლი გაგლოევისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვდა. დე ფაქტო ლიდერისთვის მარტივი არ აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მიღება. გაგლოევმა თანამდებობის დატოვებამდე, საკუთარი გარემოცვის დაჯილდოება მაინც მოასწორო და საჩუქრები დაარიგა: მიანიჭა გენერლის წოდებები, სიმბოლურ ფასად (დაახლოებით 600 ლარად) გადასცა მიწის ნაკვეთები, შენობები და ჩამოწერილი ძვირადღირებული სამსახურებრივი ჯიპები. აღსანიშნავია, რომ მის მიერ დაწინაურებული ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ჩოჩიევი, წოდების მიღებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის ტერიტორიაზე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

მოქმედი ხელისუფლებიდან, კრემლისგან უსაფრთხოების გარანტიები, მხოლოდ თავად გაგლოევმა მიიღო. იგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, თუმცა კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მისი კონკრეტული ფუნქციები ჯერ განსაზღვრული არ არის.

არჩევნებამდე, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვია, რომელიც კრემლის ნდობით აღჭურვილი პირია. ის პირველივე დღიდან აქტიურად შეუდგა მუშაობას და რეგიონის პრობლემების:  გაზიფიკაციის, ხელფასებისა და პენსიების მომატების,  ზარამაგის გამშვებ პუნქტზე არსებული კილომეტრიანი რიგების პრობლემების მოგვარება დაანონსა.

მიუხედავად აქტიურობისა, კამბოლოვის პირველმა საკადრო გადაწყვეტილებამ ადგილობრივებში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. მან მრჩევლად გაგლოევის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალან ალბოროვი, დანიშნა. მაშინ როდესაც ადგილობრივი საზოგადოების მოთხოვნა ე.წ. სამინისტროების ძველი კადრებისგან სრულ გაწმენდაა.

გაგლოევის გადადგომას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ მედიასა და საზოგადოებრივ სივრცეში. ანალიტიკოსების ნაწილმა ეს ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის შესაძლო ანექსიას დაუკავშირა. საპირისპირო დამოკიდებულება გამოვლინდა ცხინვალში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ მოსკოვი რეგიონს თბილისის კონტროლქვეშ დასაბრუნებლად ამზადებს. არსებული გაურკვევლობის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება სრულ დუმილს ამჯობინებს და არანაირ შეფასებას აკეთებს კრემლის პოლიტიკურ კურსზე. ეს იმ პირობებში, როდესაც 9 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და და კრემლს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა.

არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ქართულ ოცნების ხელისუფლებას, 1 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდზე, დააყენოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსალოდნელი ანექსიის საკითხი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა.

26.06.2026
კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია. 

17.06.2026
რვა წელი წყლის გარეშე — ნაუშის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს

გულრიფშის რაიონის სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს.

17.06.2026