Articles
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
14.07.2026

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის პარლამენტმა 1 ივლისს მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა უფლებამოსილება ვადამდე შეწყვიტა. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მთავრობის თავმჯდომარეს, მარატ კამბოლოვს, დაეკისრა.

არჩევნების დანიშვნის პარალელურად, ნაწილობრივ უკვე გამოიკვეთა როგორც მმართველი პოლიტიკური ძალების, ისე ოპოზიციური პარტიების პოზიციები.

ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც საკუთარი გეგმების შესახებ განაცხადა, რესპუბლიკური სოციალისტური პარტია „ირონია“. პარტიის ლიდერის, გიორგი კაბისოვის განცხადებით, გენერალურმა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა. მისი თქმით, პარტია 30 ივლისამდე გამართავს წინასაარჩევნო ყრილობას და საკუთარ კანდიდატს წარადგენს. ამასთან, „ირონის“ წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.

მეორე მხრივ, მმართველი პარტია „ერთიანობა“ ღიად გამოვიდა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, მარატ კამბოლოვის მხარდასაჭერად. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კამბოლოვის მხარდაჭერა ეფუძნება როგორც რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევების შეფასებას, ისე რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის კურსის გაგრძელების აუცილებლობას.

განსაკუთრებით საყურადღებოა, განცხადებაში 2026 წლის 9 მაისს გაფორმებულ შეთანხმების შესახებ გაკეთებული აქცენტები, სადაც პარტია რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობს. „ერთიანობის“ შეფასებით, შეთანხმებამ სოციალური და ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები შექმნა და უსაფრთხოების სფეროში არსებული გარანტიები კიდევ უფრო გააძლიერა.

პარტია კამბოლოვს გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწის სტატუსით ახასიათებს და ხაზს უსვამს მის მრავალწლიან საქმიანობას რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სტრუქტურებში.

კამბოლოვის პოლიტიკური ბიოგრაფია მართლაც გამოირჩევა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ კოკოითი, ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი სხვადასხვა პერიოდში პრორუსულ პოლიტიკურ კურსს ატარებდნენ და მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ, მათი კარიერა ძირითადად სამხრეთ ოსეთს უკავშირდებოდა. კამბოლოვის შემთხვევაში კი მისი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, რუსეთში სახელმწიფო სამსახურს უკავშირდება.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ, კამბოლოვი მიიჩნევა პრეზიდენტობის მომავალ რეალურ კანდიდატად და ამასთანავე მოსკოვის გავლენების კიდევ უფრო გაძლიერების მთავარ აქტორად.

ამ ეტაპზე წინასაარჩევნო პროცესი მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მომდევნო კვირებში, კანდიდატების ოფიციალური წარდგენისა და საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად, უფრო ნათელი გახდება, როგორი პარტია წამოაყენებს საკუთარ კანდიდატს. თუმცა არჩევნების ბედი კრემლმა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე სათავისო გადაწყვიტა.