News
რუსეთში საწვავის დეფიციტი აფხაზეთზეც აისახა
16.07.2026

რუსეთში საწვავის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები აფხაზეთზეც აისახა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთთან მოსაზღვრე აფხაზეთის რაიონებში საწვავის ფასის ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა. მართალია ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება, თუმცა ფასების ზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთში არსებული კრიზისი აქაც ახდენს გავლენას.

გამოცემა Caucasian Knot-ის ინფორმაციით, რუსეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები  ერთ თვეზე მეტია გრძელდება. ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია, მოქმედებს ბენზინის გაცემის ლიმიტები. არსებული ვითარება რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დრონებით თავდასხმების ფონზე გამწვავდა, რამაც საწვავის წარმოებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია. ეს პრობლემები ეტაპობრივად ვრცელდება იმ რეგიონებზეც, რომლებიც რუსულ საწვავზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.

აფხაზეთის შემთხვევაში მდგომარეობა ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი და რიგები არ ფიქსირდება, თუმცა ფასები განსაკუთრებით იმ რაიონებში იზრდება, რომლებიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

დე ფაქტო აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა მოსალოდნელია, რომ თუ რუსეთში საწვავის დეფიციტი და მიწოდების შეფერხება გაგრძელდება, აფხაზეთის ბაზარზეც ზეწოლა გაიზრდება და ფასების ზრდა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებით აღარ შემოიფარგლება.