21 ნოემბრიდან, სოციალურ
ქსელებში (Facebook, TikTok), სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი
მასალების გავრცელება დაიწყო. არსებული კამპანია მიზნად ისახავს აქტივისტის მძიმე სისხლის
სამართლებრივ დანაშაულთან - ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებას.
ფაქტების გადამოწმების პლატფორმა
„მითების დეტექტორის“ კვლევით დადასტურდა, რომ აღნიშნული კამპანია ხელოვნური ინტელექტით
(AI) ფაბრიკაციულ ვიდეოებსა და გადაუმოწმებელ ბრალდებებს ეფუძნება.[1]
კერძოდ, ანონიმურმა ფეისბუქ-გვერდმა „პოლიტიკანი (არქივი)“ გაავრცელა AI-ის მეშვეობით
გენერირებული ვიდეო, სადაც რაზმაძის გაყალბებული გამოსახულებითა და ხმით მისი ნარკორეალიზატორთან
კურიერად დასაქმების სცენაა სიმულირებული. პარალელურად, TikTok ანგარიშზე „DaDash
Pirveli“ გამოქვეყნდა ასევე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, სადაც თორნიკე რაზმაძეს
სადარბაზოში ნარკოტიკული საშუალების განთავსება
მიეწერება. ამავე პერიოდში ანონიმურმა გვერდმა „განულებული ოპოზიცია“ ყოველგვარი
პირველწყაროსა და მტკიცებულების გარეშე გაავრცელა ბრალდება, თითქოს ზედოზირებით გარდაცვლილი
ახალგაზრდის დედა აქტივისტს შვილის დაღუპვაში ადანაშაულებს. კამპანიის ფარგლებში ასევე
გასაჯაროვდა აქტივისტის პირადი ტელეფონის ნომერი.
თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ
განხორციელებული ქმედებები სცდება ტრადიციული საინფორმაციო მანიპულაციის ფარგლებს და
წარმოადგენს ციფრული ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელ კომპლექსურ რეპრესიულ პრაქტიკას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირის
გამოსახულება და ხმა მისი იდენტობისა და პიროვნული ავტონომიის მნიშვნელოვანი ელემენტებია,
რომლებიც კონვენციის მე-8 მუხლით არის დაცული. მოცემულ შემთხვევაში ჩარევა სცდება გამოსახულების
უნებართვო გამოყენებას და გულისხმობს პირის გამოსახულებისა და ხმის მანიპულირებას დანაშაულებრივი
ქმედებების მიწერის მიზნით. პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება დამატებით ხელყოფს
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას და ამასთანავე
ზრდის ფიზიკური უსაფრთხოების რისკს.
აღნიშნული ვიდეო მანიპულაციები
საზოგადოებას მცდარ წარმოდგენას უყალიბებს პირის მიერ ნარკორეალიზაციისა და ახალგაზრდის
სიკვდილზე პასუხისმგებლობის შესახებ. ამგვარი ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი
კამპანია ვერ იქნება გამართლებული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაზე
მითითებით.
განსაკუთრებით საგანგაშოა
კამპანიის შინაარსი და გავრცელების ფორმა. მიმდინარე რეალობაში, აქტივისტის „ნარკორეალიზატორად“
წარმოჩენა სცდება პოლიტიკური ოპონირების ფარგლებს და ემსახურება მის სტიგმატიზაციას,
სოციალურ იზოლაციასა და მის მიმართ საზოგადოებრივი აგრესიის გაღვივებას, რაც სამოქალაქო
აქტივიზმის წინააღმდეგ მიმართული სისტემური პრობლემის ნაწილია. ფსიქოლოგიური ზეწოლის,
ადევნებისა და ფიზიკური ძალადობის რეალური საფრთხის შექმნის პარალელურად, ამგვარი საინფორმაციო
ზეწოლა არა მხოლოდ კონკრეტული პირის დისკრედიტაციასა და დაშინებას ემსახურება, არამედ
საზოგადოების სხვა წევრებსაც უქმნის განცდას, რომ საჯარო პროტესტსა და კრიტიკული მოსაზრებების
გამოხატვას, შესაძლოა მოჰყვეს მათი რეპუტაციისა და პირადი უსაფრთხოების ხელყოფა.
სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური
ვალდებულება, ეფექტიანად დაიცვას პირები მესამე პირთა მხრიდან მათი პატივის, ღირსებისა
და უსაფრთხოების ხელყოფისგან. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას პერსონალური მონაცემების უკანონო გავრცელების, ადევნებისა და მუქარისთვის.
ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ხელს უწყობს დაუსჯელობის გარემოს
ჩამოყალიბებას და აჩენს გონივრულ ეჭვს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან შემწყნარებლურ
დამოკიდებულებაზე. ამ ფონზე, განსაკუთრებით საგანგაშოა მმართველი პარტიის დეპუტატის,
დიმიტრი სამხარაძის[2]
მიერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების
მუქარა, ხოლო ამ ფაქტზე თანამდებობის პირების მიერ მის საპარლამენტო იმუნიტეტზე მითითება,[3]
რაც დაუსჯელობის წახალისებად აღიქმება. საპარლამენტო იმუნიტეტი არ გულისხმობს სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან უპირობო გათავისუფლებას და არ გამორიცხავს სავარაუდო
დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ
წარმოებული კამპანია წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტით (AI)
ბოროტად გამოყენების სახიფათო პრეცედენტს, რომლითაც უხეშად ირღვევა პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები და სამოქალაქო აქტივიზმის
თავისუფლება. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მყისიერი სამართლებრივი რეაგირების,
პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტის გამოძიებისა და აქტივისტის უსაფრთხოების
დაცვის გარეშე, მსგავსი ციფრული მადისკრიმინირებელი კამპანიები სისტემური დაშინებისა
და რეპრესიების ხასიათს მიიღებს.
[1] „მითების დეტექტორი“ (Myth Detector), „თორნიკე
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება“, 23 ნოემბერი,
2026, ხელმისაწვდომია: https://mythdetector.com/ka/thornike-razmadzis/
[2] TVPirveli, “დიმიტრი
სამხარაძე თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ დასმულ კითხვებს
არ პასუხობს”, 24 ნოემბერი 2026, ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/139691-dimitri-samkharadze-tornike-razmadzis-tsinaagmdeg-agorebuli-kampaniis-shesakheb
[3] ON.ge, “"დიტო სამხარაძე საპარლამენტო იმუნიტეტით არის
დაცული" — კობახიძე
თორნიკე რაზმაძის
მიმართ მუქარაზე”,
24 ნოემბერი 2026, ხემისაწვდომია: https://on.ge/story/162314-დიტო-სამხარაძე-საპარლამენტო-იმუნიტეტით-არის-დაცული-კობახიძე-თორნიკე-რაზმაძის-მიმართ-მუქარაზე
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ წარმოებული პასპორტიზაციის პოლიტიკა ახალ, გაცილებით აგრესიულ ფაზაში შედის.
Recently, Russia has been actively seeking to bring the issue of the occupied territories to the forefront and to secure their legal separation from Georgia.
In Georgia, while 2024–2026 is described as a period of significant deterioration in media rights, signs of increased state-led political influence over independent and public-interest media had become visible earlier.