News
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე
19.10.2026

19 ოქტომბერს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქინმა 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით, შეუფარდა. ივლისში, ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე ფეისბუქ-სტატუსს უკავშირდებოდა. 

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რაც ბოლო პერიოდში მიზნად ისახავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სრულად უგულებელყოფას და აღნიშნულის ნორმალიზებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება (ისევე როგორც, მსგავს საქმეებზე მიღებული სხვა გადაწყვეტილებები) განსაკუთრებით საყურადღებოა ორი მიმართებით: პირველი, რამდენად პროპორციულად იზღუდება ადამიანის გამოხატვის უფლება და მეორე- რამდენადაა დაცული ადამიანის უფლებები დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც პირები ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ გადაჰყავთ.

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.  აზრის გამოხატვისთვის, ადამიანისთვის თუნდაც მინიმალური ვადით თავისუფლების შეზღუდვა კი ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 17), ისე - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (მუხლი 10).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, (LINGENS V AUSTRIA) გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც მისაღები ან უწყინარია, არამედ ისეთ განცხადებებსაც, რომლებმაც შეიძლება გააღიზიანოს, შოკში ჩააგდოს ან შეურაცხყოს პირი.

მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, წვრილმანი ხულიგნობისთვის გაზრდილი საპატიმრო სანქცია (60 დღემდე ვადით), არაპროპორციულია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ პირობებთან და დამატებით იწვევს, ადამიანის სხვა მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევას.

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე. იქ არსებული პირობები, მათ შორის, არასათანადო ჰიგიენა, სანიტარული მდგომარეობა და სათანადო კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები (რასაც იზოლატორში მყოფი პირები აღნიშნავენ), განსაკუთრებით მძიმეა ხანგრძლივი პერიოდით მოთავსებული პირებისთვის.

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა  და პირობები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. არასათანადო პირობებში ხანგრძლივმა მოთავსებამ კი, შესაძლოა, წარმოშვას ადამიანის ღირსების, პატივისცემისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის  აკრძალვის, ასევე ჯანმრთელობის უფლების დარღვევის  რისკები (საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი).